10 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გონიოსა და კრწანისში უფასოდ მისცა ივანიშვილმა, რომ კრიპტოს ანგარიშზე მილიონები დაუსვან. სახელმწიფოს არაფერი გადაუხადეს, ივანიშვილს გადაუხადეს. ეს არის სახელმწიფო ღალატი, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა საკუთარი ეროვნული სიმდიდრის განადგურებით მოკვდება, დადუმდება და საფლავს დაემსგავსება.

"ჩვენ მივაღწიეთ შედეგს იმ გაგებით, რომ ჯერჯერობით, ვერ დაიწყეს ვერაფერი ვერც გონიოში, ვერც რუსთავსა და თბილისს შორის, მაგრამ ბანდასთან გვაქვს საქმე და გულს ნუ დაიმშვიდებთ, ბრძოლაა საჭირო. მათ არა მარტო ვერ დაიწყეს, არამედ ნაჰაიანის ჯგუფს ჰქონდათ სასტუმრო "ბილტმორი" რუსთაველზე და გავიდნენ ეგენი აქედან, ფაქტობრივად, გაიქცნენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს გარკვეული ხელშემწყობი ფონი მისცა ომმა ჰორმუზის სრუტეში, სადაც მიდის ცნობილი შეტაკება და რეგიონია ომში ჩაბმული, ამან დუბაიში აბუ-დაბიში გამოიწვია ფინანსური და ფსიქოლოგიური რეცესია და კრიზისი, იმ დონეზე, რომ გამორბიან ინვესტორები იქიდან, შესაბამისად, შემოსავალი შემოაკლდათ შეიხებს და ეს სასტუმროც დატოვეს, გაყიდეს, მაგრამ მყიდველიც არ არის მათზე ანგელოზი, ეს გახლავთ სომეხი, რუსი ოლიგარქი, მან იყიდა რუსული ფულით და გავემზადოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი და პუტინი თბილისში აპირებენ ანტიფაშინიანისტური ცენტრის შექმნას, სადაც გადმოიყვანენ სომეხ-რუს ოლიგარქებს და წაეხმარებიან პრორუსულ ძალებს სომხეთში, რომ რუსეთმა არ დაკარგოს სამხრეთ კავკასია საბოლოოდ.

რაც შეეხება ამ რეჟიმის გარიგებებს, თბილისი-გარდაბნის ტერიტორიაზე 38 ნაკვეთი, კრწანისში უნიკალური ტყე-პარკი - 40 ჰექტარი, გონიოში 258 ჰექტარი - აი აქ და ასე შეაყოფინა ბიძინა ივანიშვილმა თავისივე მოთრეულ არაბულ კომპანიას ცხვირი და აჩუქა. რაც არანაკლებ შემზარავია, 576 ჰექტარზე ვინმე შენგელიას, რომელიც ტყეების უფროსია, გააცემინეს სანიტარიული ჭრის ნებართვა, რაც გაჩეხას ნიშნავს. არანაირი სანიტარიული ჭრა არაა ეს, ხეები ჯანსაღია, უბრალოდ, ავადმყოფი კრიმინალი ჰყავს ქვეყანას სათავეში და მოიყვანა ასეთივე კრიმინალი პარტნიორები. მთელ ამ დანაშაულებრივ გარიგებას, რომელსაც ინვესტიციას ეძახიან, ერთი ცენტი არ შემოუტანია ქვეყანაში, ეს ამხელა 10 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გონიოსა და კრწანისში უფასოდ მისცა ივანიშვილმა, რომ კრიპტოს ანგარიშზე მილიონები დაუსვან. სახელმწიფოს არაფერი გადაუხადეს, ივანიშვილს გადაუხადეს. ეს არის სახელმწიფო ღალატი. ქვეყანა საკუთარი ეროვნული სიმდიდრის განადგურებით მოკვდება, დადუმდება და საფლავს დაემსგავსება", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.