ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი "ასოციაცია ატუ" სანაპიროზე რესტორანს ააშენებს და ამისთვის თბილისის მერია 4078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყურადღება მისაქცევია, ვისი მილიარდები ტრიალებს ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდებში.

"ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი "ასოციაცია ატუ" სანაპიროზე რესტორანს ააშენებს და ამისთვის თბილისის მერია 4078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს. რესტორნის აშენება და მისი მართვა საქველმოქმედო საქმიანობა ნამდვილად არაა, ეს ასოციაცია კი, საშემოსავლო სამსახურის ვებგვერდზე სწორედ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრშია რეგისტრირებული. სხვათა შორის, ზუსტად ეს ფონდი ბაკურიანში აშენებს აპარტამენტებს, რაც ასევე ცალსახად არაა საქველმოქმედო საქმიანობა. ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები აშკარად სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ, ისე, რომ მათი ანგარიშები კანონის დარღვევით გასაიდუმლოებულია და გაურკვეველია ვისი ფულით (შემოწირულობით ხორციელდება ეს საქმიანობები), მაგ: შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 452 მილიონი ლარი (!!!) იაფი სესხის სახით (ფაქტობრივად უფასო ფულად) მისცა თავის სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებს.

მერამდენედ ვსვამ ამ შეკითხვას, ვისი ფულით ეწევა ბიზნესს (არასაქველმოქმედო) საქმიანობას ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები, რა ფული ტრიალებს იქ: ივანიშვილის?! მისი სანქცირებული რუსი მეგობრების?! ე.წ. შავი ფული?! იქნებ ირანელების ფულიც?!

სანამ ფონდების ანგარიშები საგადასახადო კოდექსის უხეში დარღვევით იმალება და ეს ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, მანამდე ყველა ეს და კიდევ უფრო მწვავე კითხვები სრულიად ლეგიტიმურია.

კიდევ ერთხელ, აშკარად ყურადღება მისაქცევია, ვისი მილიარდები ტრიალებს ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდებში, ხომ არაა ეს ერთ-ერთი შავი ხვრელი სანქცირებული რუსების/ირანელების დასახმარებლად ან/და შავი ფულის გასათეთრებლად…", - წერს აბესაძე.