26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი გამძლეობა და სოლიდარობაა.

"ისტერიული რეპრესიებია ხელისუფლებისგან, რეჟიმისგან მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებიც ეცადეს, რომ გადაეყვანათ არამშვიდობიან სცენარებზე, მაგრამ არ გამოუვიდათ. ყველა ფორმით - უდანაშაულო ადამიანების დაჭერებით, დაჯარიმებით, დაშინებით ცდილობენ, რომ პროტესტი, რომელიც გრძელდება ჩაახშონ.

გრძელდება რეპრესიები და ახალი "რუსული კანონები" და ველოდებით, რომ მიიღებენ მალე კანონს, რომელიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და პარტიების წევრების საქმიანობას. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი ამ პოლიტიკური რეპრესიების და რუსული სცენარის განვითარების. ახლა ბევრად უფრო აჩქარებულია ეს პროცესები, ვიდრე რუსეთში.

ასევე, საქართველო შედის რუსეთის სივრცეში, რამეთუ აქ შემოდის სანქცირებული გემები სანქცირებული ნავთობით და ამით საქართველო ხდება "ნაცრისფერი კრიმინალური ზონა". ეს არის იმის ნაწილი, რაც ხდება 26 ოქტომბრის შემდგომ, მაგრამ ამ ერთ წელშია ამ რეჟიმმა ვერაფერს მიაღწია. საქართველოს პარტნიორები ჯერ კიდევ ცდილობენ, ეძებენ გზებს, რომ მოსახლეობასთან არ შეწყდეს ის კავშირები, რომელიც შეიქმნა და დაისაჯოს მხოლოდ რეჟიმი.

საზოგადოების პროტესტი ვერ ჩაახშვეს. ჟურნალისტების დაკავებები წარმოუდგენელია, მაგრამ ვერ მიაღწიეს მაინც ვერაფერს. 

ისინი ქვეყანას ვერ მართავენ. დღეს მოწმე ვართ იმისა, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს. არის შიდა დაპირისპირებები, კრიმინალური გარჩევები, მაგრამ ფაქტია, რომ სრული უნდობლობა დაემუქრა "ქართულ ოცნებას". 

ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება კიდევ გაგრძელდეს ცოტა ხანს რეპრესიები, მაგრამ ჩვენგან საჭიროა გამძლეობა, სოლიდარობა, რასაც ყოველდღიურად ვაჩვენებთ. 

26 ოქტომბერი დადგება და იქ ვიქნებით ყველანი ერთად, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.