გუშინდელ ინტერვიუში რაღაცებში არ ვეთანხმებით, მაგრამ საკითხის ისე დაყენება, რომ თურმე დღეს პრობლემა არის კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები და არა ის პოლიტიკა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს, არასწორია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაპიტულანტური პოლიტიკა შეიძლება მიიჩქმალოს და რაიმე განცხადებით გადაიფაროს.

"გუშინდელ ინტერვიუში რაღაცებში არ ვეთანხმებით, მაგრამ საკითხის ისე დაყენება, რომ თურმე დღეს პრობლემა არის კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები და არა ის პოლიტიკა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს, არასწორია. არის საკითხები, რაშიც ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით და არის გარკვეული საკითხები, როგორც მაგალითად, გუშინდელ ინტერვიუში რომ არ ვეთანხმებით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაპიტულანტური პოლიტიკა შეიძლება მიიჩქმალოს და რაიმე განცხადებით გადაიფაროს. გარკვეულ პარალელებში არ ვეთანხმები, მაგრამ ამ საკითხებზე ასეთი აქცენტირება არის არასწორი იმ პირობებში, როდესაც გვყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მათ შორის ბოდიშს უხდის ოკუპანტებს, სეპარატისტებს და აბსოლუტურად კაპიტულანტურ პოლიტიკას ატარებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აფხაზეთზე საუბრისას განაცხადა, რომ "ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს და განვითარებას ბლოკავს". ასევე მან აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.