"ქართული ოცნება" ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ ევროპა არაფერში გვჭირდება, რომ რუსეთთან აუცილებელი არის დამორჩილება იმიტომ, რომ სხვანაირად თითქოსდა, მათთან არ გამოვა ურთიერთობის დალაგება, - ამის შესახებ “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს დასავლური ცივილიზაციისა და თავისუფალი ბაზრის შესაძლებლობა გამოეყენებინა, გაზარდა დამოკიდებულება რუსეთზე.

"პოლონეთმა ძალიან კარგად იცის, რა ფასი აქვს რუსეთთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას, ხელშეკრულებას და საერთოდ, რამდენად სახიფათო არის რუსეთი, როგორც იმპერია, ამიტომ, სრულიად ადეკვატური მომზადებაა. მე იმის თქმაც მინდა, რომ პოლონეთი არა მარტო სამხედრო კომპონენტში აძლიერებს მედეგობას, არამედ სამოქალაქო სექტორშიც. ისინი ძალიან აქტიურად ცდილობენ, რომ პოლონური საზოგადოება გახდეს უფრო მედეგი დეზინფორმაციისადმი და აქ ძალიან კარგად ვხედავთ კონტრასტს "ქართულ ოცნებას" შორის, რომელიც გადაიქცა რუსული პროპაგანდის მთავარ ტრანსლიატორად საქართველოში, პოლონეთი კი რუსული პროპაგანდის ყველანაირად შემცირებას ცდილობს.

"ქართული ოცნება" ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ ევროპა არაფერში გვჭირდება, რომ რუსეთთან აუცილებელი არის დამორჩილება იმიტომ, რომ სხვანაირად თითქოსდა, მათთან არ გამოვა ურთიერთობის დალაგება - ეს ყველაფერი არის არასწორი იმიტომ, რომ რაც უფრო მეტს დაუთმობ იმპერიას, მით მეტს მოითხოვს. "ქართული ოცნება" ამას თავისი არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის შედეგად იმკობს შედეგად, რადგან მათ მიიღეს გარკვეული ეკონომიკური ბენეფიტი რუსეთისგან და ახლა გაეზარდათ საკუთარი მადა, ისინი გაცილებით უფრო მარტივად უყურებენ საქართველოში ვითარებას და მეტს სთხოვენ "ქართულ ოცნებას". რაც უფრო მეტს დათმობს "ქართული ოცნება" რუსეთთან, მით მეტის დათმობა მოგვიწევს ჩვენც მოგვიანებით. ეს არის ძალიან ცნობილი ქცევის მანერა ნებისმიერი ავტორიტარული სახელმწიფოს მხრიდან და განსაკუთრებით ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ძალიან კარგად, თუ რამდენად სახიფათოა რუსეთზე ეკონომიკური ჩამოკიდება, რამდენად სახიფათოა რუსული ნარატივების გავრცელება, ენერგეტიკული დამოკიდებულება.

ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთში არის ბენზინის უზარმაზარი კრიზისი და ამავდროულად, რუსული ეკონომიკაც არ არის მაინცდამაინც კარგ დღეში, ეს კი მთავარი საფრთხეა ქართული ეკონომიკისთვის. იმის ნაცვლად, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რესურსი ჩაგვედო  დივერსიფიკაციაში, აგვეთვისებინა უკეთესი, სტაბილური და მაღალი შემსყიდველობის უნარის მქონე ბაზრები, ევროკავშირი, გამოგვეყენებინა ღრმა და ყოვლის მომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულებისა და კანდიდატის სტატუსის ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენთვის გაიხსნა, ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება" ზრდიდა საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე, რაც პირდაპირი ეგზისტენციალური საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.