თუ არ ეშინიათ, მაშინ მოეწვიათ გაეროს ექსპერტები, ამხელა რესურსის ფონზე, მათ შეეძლოთ, ეჩივლათ ნებისმიერ მომენტში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" რომ ჰქონოდა სურვილი, BBC-ის ქიმიური იარაღის თემაზე აუცილებლად უჩივლებდა.

"განუსაზღვრელი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ეს სარჩელი გაემზადებინათ და შეეტანათ. ხომ ამბობდნენ, რომ მარეგულირებელში უჩივლებდნენ, ვთქვათ, ბრიტანეთში, ან სხვადასხვა სასამართლოში?  არც კი გაუგრძელებიათ ეს ისტორია, არც კი უთქვამთ, რატომ აღარ უჩივიან, პროპაგანდისტულადაც არაფერს ამბობენ, რაც აჩენს იმ ეჭვს, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომ მტკიცებულებები, რომელიც აქვს BBC-ის, შეიძლება, ნაწილი გამოქვეყნებულია, ნაწილი - არა, ეს მტკიცებულებები მათაც იციან, რომ არსებობს და ამიტომ იკავებენ თავს. 

ყოველ შემთხვევაში, ამხელა რესურსის ფონზე, მათ შეეძლოთ, ეჩივლათ ნებისმიერ მომენტში. თუ არ ეშინიათ, მაშინ მოეწვიათ ექსპერტები, გაეროს ექსპერტები. სრულიად შესაძლებელია ეს და ქვეყანას აქვს კიდევაც ამის შესაბამისი მექანიზმი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.