არავინ არ იცის, ვინ იქნება შემდეგი, ყველა დაძაბულია, ყველას ეშინია იმიტომ, რომ ყველა ფულს აკეთებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავისი რეჟიმის შვილების ჭამაზე გადავიდა.

"არავინ არ იცის, ვინ იქნება შემდეგი, ყველა დაძაბულია, ყველას ეშინია იმიტომ, რომ ყველა ფულს აკეთებს იქ. ყველა დაძაბულია, რადგან ბიძინა ივანიშვილს რა მოუვა თავში არავინ არ იცის და ნებისმიერს შეიძლება მიადგნენ. ეს დიქტატორი თავისი რეჟიმის შვილების ჭამას იწყებს იმისთვის, რომ თავისი იერარქიული სისტემა კიდევ უფრო გაიმყაროს და თან ანახოს სხვებს, რომ დაშვებულია აქ მოპარვა და ნორმაა, მაგრამ ვიღაცამ თუ ბიძინა ივანიშვილზე მეტი მოიპარა და ბიძინამ ჩათვალა, რომ უფრო მეტი მოიპარა, ისე დაისჯება, როგორც ღარიბაშვილი. ამის პარალელურად კი ბიძინას სჭირდება, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს განსხვავებული აზრი, არ არსებობდნენ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება", - განაცხადა ანა წითლიძემ.

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ასევე, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან.