კობახიძე ახლა იმ ბიზნესმენებს დაერევა, რომლებსაც თვლის, რომ კავშირები ჰქონდათ ლილუაშვილთან და ყველა ამ ბიზნესმენს აიძულებს, რომ კობახიძესთან ითანამშრომლონ, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" ბირთვში იყვნენ, ახლა სამართლის წინაშე დგანან.

"რომ დააკვირდეთ, ყველა ამ სუპერმარკეტის ქსელის, დაწყებული "კარფურიდან" ყველა, მეპატრონეები არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და შემომწირველები, "ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის. ანუ, რა ხდება? კობახიძე ახლა იმ ბიზნესმენებს დაერევა, რომლებსაც თვლის, რომ კავშირები ჰქონდათ ლილუაშვილთან და ყველა ამ ბიზნესმენს აიძულებს, რომ კობახიძესთან ითანამშრომლონ. აი, ნამდვილი რეკეტი რა არის ბიზნესის. ახლა ნახავენ იმას, ჩვენ რომ ვეუბნებოდით, რომ ყველასთან მოვა ეს სისტემა, მარტო ჩვენთან კი არა, ყველასთან, რაც არ უნდა ჩუმად იყო. 

რაც შეეხება ლილუაშვილს, თავიანთ ამომრჩეველს დაუყარეს საკენკი, "ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩეველი მართლა სულელი ჰგონია იმიტომ, რომ უნდათ, თავიანთ ამომრჩეველში გაამართლონ ლილუაშვილის დაკავება და ღარიბაშვილის საქმე. ეს ადამიანები, რომლებიც წლები  "ქართული ოცნების" ბირთვი იყვნენ, ქვეყანას მართავდნენ და ივანიშვილთან იყვნენ დაკავშირებული, აღმოჩნდა, რომ ახლა "ოცნება" გვეუბნება, ეს ადამიანები ტოტალურ კორუფციაში არიანო", - განაცხადა ანა წითლიძემ.