უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი მოქმედებისთვის, მათ შორის სატუსაღოში ჩვენი გამომწყვდევისთვის, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მისი გუნდის წევრებს ციხეში ჩასვამენ, ეს "ოცნებისთვის" უარესი იქნება.

"ჩაგვსვამენ ციხეში? მით უარესი მათთვის. არავის ეშინია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ის რეჟიმი, რომელიც გვიპირისპირდება, იყენებს ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელ შესაძლო ყველა ინსტრუმენტს, ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად, რათა საქართველოს სახელმწიფო არ გააქრონ რუკიდან.

უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი მოქმედებისთვის, მათ შორის სატუსაღოში ჩვენი გამომწყვდევისთვის და ეს არ არის ისეთი ნაბიჯი, რომელსაც არ უნდა ელოდო, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად უკან მიუბრუნდებათ.

არ არის დიდი უბედურება, თუ “ქართული ოცნება“ გამოგვამწყვდევს ციხეში, არც ღირს ამ საკითხით დრამატიზება. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.