არ გამოვრიცხავ, რომ ორ დღეში ამ ყველაფრის უკან აღმოჩნდეს "დიფ სთეითი" და ბაჩიაშვილი შეიბრალოს ან შეიწყალოს მამა-მარჩენალმა, - ამის შესახებ დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ნებაყოფლობით ვერ აღმოჩნდებოდა საზღვარზე.

"არ გამოვრიცხავ, რომ ორ დღეში ამ ყველაფრის უკან აღმოჩნდეს "დიფ სთეითი" და ბაჩიაშვილი შეიბრალოს ან შეიწყალოს მამა-მარჩენალმა.  

ერთი ფაქტია, რომ ის ნებაყოფლობით ვერ აღმოჩნდებოდა საზღვარზე იმიტომ, რომ თუ მას სურდა დაელაგებინა ივანიშვილთან, არ სჭირდებოდა ტრანსპორტირება, მას ივანიშვილის მობილურის ნომერი ალბათ, აქვს და მიეწერა ის გასაღები, გადაეცა ბიტკოინები და არ დასჭირდებოდა ეს ყველაფერი, მთელი ცირკი ქართულ ხელისუფლებას.

სოციალურ ქსელებში ვაკვირდები, რომ ადარებენ აფგან მუხთარლისთან. მინდა, პირდაპირ და ნათლად განვაცხადო - არ შეიძლება ეს შეურაცხყოფა იმიტომ, რომ ყველა ქვეყანა და ყველა სახელმწიფო ისე არ იმართება, როგორც საქართველო. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში კანონის უზენაესობა არის უმაღლეს დონეზე, შესაბამისად, მისი მუხთარლის ფორმით სადღაც გადაცემა არის გამორიცხული. 

დარწმუნებული ვარ, ეს ოფიციალური პროცედურა საქართველოს ხელისუფლების მიერაა განხორციელებული, ოღონდ სუსს ამასთან კავშირი არ აქვს. მე მგონია, ეს პროცედურა კეთდებოდა პროკურატურის მეშვეობით, მოითხოვეს მისი ექსტრადირება. ამას სასამართლო არ სჭირდება, განსაკუთრებით ემირატებში. აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტს და ჩემი აზრით, ის უბრალოდ გადმოსცეს საქართველოს.

ვიცი ემირატების კანონმდებლობა და ასეთი "ქეისის" დაშვება გამორიცხულია. გამორიცხულია, ბაჩიაშვილი ემირატებიდან სხვაგვარად ვერ გამოვიდოდა იმიტომ, რომ მას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა ემირატებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაღაც შეიცვალა. 

ბაჩიაშვილი საფრანგეთში ან გერმანიაში რომ ყოფილიყო, ბევრად უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ "ქეისი" არსებობდა და სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად გადაგზავნეს, ალბათ ექსტრადირებაზე და იქაურმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ინტერპოლი და სუსი საერთოდ არაფერ შუაში არ არის", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა "ფორმულასთან".

გიორგი ბაჩიაშვილი სუსმა დღეს დააკავა. მას "ბიტკოინების საქმეზე" სასამართლომ თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა, ბრალი კი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი - ე.წ. მტკვარი ჰესის და საზღვრის უკანო კვეთაზე.