არ მაქვს ინფორმაცია, ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით.

„ნოემბერ-დეკემბრის თუ 4 ოქტომბრის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით. არანაირი მონანიება და პროპაგანდისთვის ამ ჰუმანური აქტის გამოყენება, ეს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა და „ქართული ოცნება“ ამას ცდილობს. ეს ადამიანები, ვინც ახლა რჩებიან ციხეში, უნდა გათავისუფლდნენ, ამისთვის ყველა სამართლებრივი გზა უნდა იქნეს გამოყენებული. ვერ გეტყვით, შეწყალების მიზეზი რა არის. ევროპასთან ურთიერთობების დალაგება რომ უნდოდეთ, ისინი ყველას გამოუშვებდნენ. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ანდრო ჭიჭინაძე, საბა სხვიტარიძე და პოლიტიკური ლიდერები ტყუილად არიან ციხეში. აქედან გამომდინარე, ეს ერთეული, მცირე შემთხვევა ევროპას ან ამერიკას ვერ მისცემს იმის განცდის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ურთიერთობების დალაგება სურს. არ მაქვს ინფორმაცია, ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.