არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მით უმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისივე თქმით, ტკივილები ასატანია, ბოროტება - არა.

“მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მით უმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან.

ტკივილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ! სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“, - წერს ელენე ხოშტარია.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება, კერძოდ, აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.