მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მან მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ გზაში, სოციალური ქსელით შეიტყო.

"პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი წავიკითხე, როცა ვიყავი გზაში, რომ ჩამეტარებინა ეს ბრიფინგი. თქვენ გახსოვთ, 6 დღის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი, რომ ის მხარს მიჭერდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია, რომ აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებისათვის. მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის, იმიტომ, რომ ჩემი ვადა იწურება ერთ თვეში. მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით და სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდებით, რომ არ ვიბრძოლებთ",  - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ გამოწვევას გაუმკლავდეს.