მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მწამებელ რეჟიმს, რომ ელენეს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, პირადად ივანიშვილს და მის ყველა პაიკს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა გადაუდებელი დიაგნოსტირება ჩაუტარდეს ელენე ხოშტარიას.

"რეჟიმმა ქალი პოლიტიკოსი, 4 შვილის დედა - ელენე ხოშტარია ციხეში გამოამწყვდია წლი-ნახევრით. ელენე ციხეში შევიდა მძიმე ქრონიკული დაავადებებით, მიუხედავად ამისა, მისი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ ამაზე არ გვესაუბრა საზოგადოებასთან და ჩვენ ამას ვითვალისწინებდით, მაგრამ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისმა ადვოკატებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ საჯაროდ ესაუბრათ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მეც, უპირველეს ყოვლისა, როგორც ქალმა, როგორც დედამ და არა როგორც პოლიტიკოსმა, აუცილებლად ჩავთვალე, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო მწამებელ რეჟიმს, რომ ელენეს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, პირადად ივანიშვილს და მის ყველა პაიკს.

მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური ადასტურებს ქრონიკულ დაავადებებს, ელენეს მრავალი თვეა, არ მიეწოდება ადეკვატური დახმარება. მისი მკურნალი ექიმები ირწმუნებიან, რომ კომპლექსური მკურნალობის გარეშე შეიძლება დადგეს სასტიკი შედეგები. მას უჭირს გადაადგილება, უჭირს წერა, გადაადგილდება ყავარჯნით, ამიტომ, ელენეს დაუყოვნებლივ სჭირდება კომპლექსური დიაგნოსტიკური კვლევა, რათა დაინიშნოს მკურნალობა.

მოთხოვნა იქნებოდა უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლება, ელენეს დაბრუნება თავის შვილებთან, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც დაცლილია ადამიანობისგან, ამიტომ, ახლა მოვითხოვთ, ელენეს ჩაუტარდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, დიაგნოსტირება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება, კერძოდ, აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.