არ უთქვამთ, რაზე დამიბარეს, მითხრეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას რცხვენია, რომ აქციებში ჩართული არ იყო.

"არ უთქვამთ, რაზე დამიბარეს, მითხრეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია. სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი. ვისაც აინტერესებს მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, პაატათი მიმართვა და ამ სტილით, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები. მამაჩემის ტოლი კაცია და საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს. ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა?", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა. 

შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.