ბრიტანეთის სანქციების რომ ეშინიათ, ეს ლეგიტიმური შიშებია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ველოდოთ სანქციების მოხსნას, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეურიგდება ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან თანამშრომლობას. 

"ბრიტანეთის სანქციების რომ ეშინიათ, ეს ლეგიტიმური შიშებია იმიტომ, რომ მართლაც არ შეურიგდება ბრიტანეთი საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმის მხრიდან რუსეთთან თანამშრომლობას, საქართველოში ადამიანების უფლებების დარღვევას და ამავდროულად, დასავლური სიკეთეებით სარგებლობას, რაც შეეხება ფინანსური ინსტიტუციების მხრიდან დიდი დივიდენდების და სარგებლის მიღებას.

ამერიკას რაც შეეხება, როდესაც ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაწესდა სანქციები, ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული სამი პუნქტი - რუსული პოლიტიკური ინტერესების გატარება, რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისათვის ხელშეწყობა და ასევე - საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ კუთხით არცერთი პრობლემა არ მოგვარებულა, აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ველოდოთ სანქციების მოხსნას",  - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.