მე ზუსტად ამ სიტყვებით ვამბობდი, რომ აქციის ორგანიზატორი გახლავთ რუსთაველის გამზირი და რომ გეგმა არის ხალხში. მურთაზ ზოდელავას მოწოდებაში კი არანაირი ძალადობა არ ყოფილა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დღემდე არის მიტაცებული.

"მურთაზ ზოდელავას მოწოდებაში არანაირი ძალადობა არ ყოფილა, მან თქვა - „ჩავიბაროთ გასაღებიო“ და ეს იმიტომ თქვა, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული.

შემდეგ დავიძარით პრეზიდენტის სასახლისკენ, რომ ჩავედით ღობე უკვე წაქცეული იყო და ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგები იყო, რომ ეს ყველაფერი იყო გათვლილი. მე ვმუშაობდი ადრე პრეზიდენტის სასახლეში და ვიცი, რა როგორ არის, რომ ღობის წაქცევა მარტივი არ არის. ღობე რომელიც ასე განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული, წაქცეული იყო. შემდეგ უკვე ხალხი ეზოში იყო. უკვე გასაგები გახდა, რომ ხალხს დაიჭერდნენ. გააზრებულად, შიშველი ხელებით, წრფელი გულით გადავედი ამ ღობეს. ჩემი თვალით ვნახე, აქციის მონაწილეებს როგორ მოჰყავდათ ხელით დახმარების მიზნით, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც იქ ეკიპირების გარეშე იყო. ასეთი ხალხს კი ხელისუფლებას მოძალადეებად გამოჰყავს.

ვერ ვნახე ვერც პაატა მანჯგალაძე, ვერც მურთაზ ზოდელავა და ამის შემდგომ გადავინაცვლე პარლამენტის წინ. 
მე ზუსტად ამ სიტყვებით ვამბობდი, რომ აქციის ორგანიზატორი გახლავთ რუსთაველის გამზირი და რომ გეგმა არის ხალხში", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.