ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არის მთავარი სამიზნე ივანიშვილის დევნისა ამ 12 წლის მანძილზე. ამის მთავარი მაგალითი არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სამი წელია იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში, - ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე აჟღერებდა ოპოზიციურ აზრს ამ 12 წლის განმავლობაში, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობა“.

"ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არის მთავარი სამიზნე ივანიშვილის დევნისა ამ 12 წლის მანძილზე. ამის მთავარი მაგალითი არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სამი წელია იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში, თუმცა მასთან ერთად, ძალიან ბევრი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ აქტივისტი გახდა სამიზნე, იქნება ეს სამსახურის დაკარგვა თუ, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრა თუ ფიზიკური დაპირისპირება. ეს გზა ჩვენ ერთად გამოვიარეთ, მაგრამ ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ ვიყავით მთავარი წინააღმდეგობის ღერძი.

თუ ვინმე აჟღერებდა ოპოზიციურ აზრს ამ 12 წლის განმავლობაში, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლაც მესახება, რომ ჩვენ ვართ მთავარი წინააღმდეგობის ღერძი, ჩვენ ვართ მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება იმ ცვლილებების ავანგარდში, რომელზეც ახლა უკვე საქართველოს უმრავლესობა თანხმდება, რომ აუცილებელია. თვითკმაყოფილება პოლიტიკოსებს ძალიან არ უხდებათ, მე ასე ვთვლი, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთული გამოწვევების პირისპირ ჩვენ ძალიან სწორი მიდგომებით ვიარეთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.