არ დაუჯეროთ “ოცნებას”, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ თავიანთ სასარგებლოდ თქვენი ხმები გამოიყენონ. კაცმა არ იცის ეს ინიციატივები შესრულდება თუ არა, ნაწილი ჯერ არ შეუსრულებიათ არჩევნებამდე და ეს ხალხი ხელისუფლებაში აღარ იქნება, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ხმის მიცემა არის ფარული და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მივიდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომ „ოცნებამ“ ვერ შეძლოს, არჩევნების გაყალბება, დაბალი აქტივობა შედის „ოცნების“ ინტერესში, ამიტომ მოგიწოდებთ არჩევნებზე მიხვიდეთ.

მინდა გაგაცნოთ ჩვენი საარჩევნო გუნდის მუშაობის შედეგები, რომელიც ეხება კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობებს. ის სიკეთეები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ისედაც ეკუთვნის, ბიუჯეტის ის ფული, რომელიც არის თქვენი და ეს ფული ისედაც თქვენი კეთილდღეობისთვის უნდა იხარჯებოდეს, ამას რეალურად მთელი წლის განმავლობაში გამადლიდნენ და პლუს ამას, ამაში გთხოვთ თქვენ ხელისუფლება ხმებს.

მე მინდა გაგაცნოთ ის ინიციატივები, რომლებსაც კობახიძე მთავრობის სხდომებზე აჟღერებდა, არ გასულა არც ერთი მთავრობის სხდომა, როცა მან არ გააჟღერა ამომრჩევლის მოსყიდვისკენ მიმართული ინიციატივა. კობახიძე, რომელსაც არჩევნების გაყალბება ჩააბარეს, იმიტომ დანიშნეს შტაბის უფროსად, რომ ეს საკითხები საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს.

20 მარტი - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. 3000 კურსდამთავრებულს შეეხება წელსვე. 20 აპრილს თქვა, რომ ეს პროგრამა სექტემბრიდან დაიწყებოდა და ასევე, დააანონსა საჯარო სამსახურში სტაჟიორების რაოდენობის მაქსიმუმ 20%-მდე ზრდა. ემთხვევა რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური აქციების პერიოდს, სტუდენტების გულის მოგება და მათგან კეთილგანწყობის მიღება ჰქონდა კობახიძეს მიზნად.

8 აპრილი - ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდ. მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარეული საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავების ჩათვლით. 145 000 პირს 590 მილიონი ლარის დავალიანება.

3 ივნისი - კოვიდის დროს დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა. ანალოგიურად მოხდა 2021 წლის არჩევნების წინ.

17 ივნისი - დააანონსა 01 ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურების სქემა. 37 000 მასწვლებელს (70%-ს) შეეხო სულ მცირე 500 ლარით მატება, გარკვეულ კატეგორიას - 800 ლარით, ამ ხალხს ეს ისედაც ეკუთვნის, მაგრამ საარჩევნო ხმებს თხოვენ ამ ყველაფრის სანაცვლოდ.

20 მაისი - ბილეთების სუბსიდირება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე. 3000 სუბსიდირებული, 3000 პირდაპირი ფრენა.

5 ივნისი - 582 ოჯახისთვის ბინების გადაცემა. დააანონსა კიდევ 1000-ზე გადაცემა.

23 ივლისი - მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივის განხორციელების მიზნით, 2024 წლის რეგიონების პროექტების ფონდიდან 20 მლნ ლარის გამოყოფა. 23 აგვისტოს კიდევ დამატებით 34 022 100 ლარი გამოიყო.

14 აგვისტო - სამხედრო სამსახურში გაწვევა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაავადა.

14 აგვისტო - მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 250 000 ლარი ოლიმპიელთა საზეიმო ღონისძიების დასაფინანსებლად.

მასწავლებლის დღე, რომელიც 17 ოქტომბერს აღინიშნება 13 სექტემბერს გადმოიწია. ბიუჯეტიდან გამოიყო 519 557 ლარი.

26 აგვისტო - 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა ბინები.

28 აგვისტო - ზუგდიდში 1700 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლების აშენება დაანონსდა, რაშიც 200 მლნ დაიხარჯება.

16 სექტემბერი - 43 კორპუსის აშენება და ბინები 1200 სამხედრო მოსამსახურისთვის.

27 სექტემბერს - კალაძემ კიკვიძის პარკში 89 ოჯახისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა დააანონსა.

მე მინდა მოქალაქეებს მივმართო, არ დაუჯეროთ “ოცნებას”, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ თავიანთ სასარგებლოდ თქვენი ხმები გამოიყენონ. კაცმა არ იცის ეს ინიციატივები შესრულდება თუ არა, ნაწილი ჯერ არ შეუსრულებიათ არჩევნებამდე და ეს ხალხი ხელისუფლებაში აღარ იქნება. ამიტომ, ის რაც გეკუთვნით, იმაში ფასს ხმებით ნუ გადაიხდით ამ ხელისუფლების სასარგებლოდ, მიდით არჩევნებზე და გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც თქვენ გინდათ, რომ გააკეთოთ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.