დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი არა ავტომობილების გაჩერება, არამედ  მოძრაობის ორგანიზება და ყველა მიმართულებით  უსაფრთხო, მოწესრიგებული და ეფექტიანი გადაადგილების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხშირია კრიტიკა როგორც ავტობუსის ზოლის, ისე შუქნიშნების ირგვლივ. 

"მე კარგად მესმის იმ ადამიანების უკმაყოფილება, რომლებიც ყოველდღიურად კერძო ავტომობილებით გადაადგილდებიან. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ გზაზე ავტობუსისთვის ცალკე ზოლი გამოიყო, თავად კი საცობში დგას, ბუნებრივია, უჩნდება კითხვა - რატომ გართულდა ჩემი გადაადგილება?

მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა, ჩვენი მიზანი არ არის ავტომობილის მძღოლისთვის პრობლემების შექმნა.

ავტობუსის ზოლის დანიშნულებაა, შეზღუდულ საგზაო სივრცეში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაადგილდეს სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ.

ერთი ავტობუსით, ერთ ჯერზე, რამდენიმე ათეული ადამიანი გადაადგილდება.  შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკის შეფასებისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ავტომობილების რაოდენობას კი არ უნდა ვითვლიდეთ, არამედ იმასაც, რამდენ ადამიანს ემსახურება კონკრეტული ქუჩა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ყველა ცვლილება იდეალური ვერ იქნება და საჭიროა კონკრეტული პრობლემების შესწავლა და შედეგების შეფასება. 

"არ ვამბობთ, რომ ყველა ცვლილება იდეალურია.  სადაც კონკრეტული პრობლემა არსებობს, საჭიროა მისი შესწავლა, შედეგების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კორექტირებაც. ჩვენთვის მთავარია, ეს გადაწყვეტილებები რეალურად ემსახურებოდეს თბილისელებს“, - აღნიშნა კალაძემ.

ასევე ის გამოეხმაურა მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს შუქნიშნები გადაადგილებას აფერხებს და განაცხადა, რომ შუქნიშანი  სატრანსპორტო ნაკადების სწორ განაწილებას უზრუნველყოფს.

"კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ხშირად გვესმის კრიტიკა, არის შუქნიშნები. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თუ ქალაქში შუქნიშნებს მოვხსნით და გავაუქმებთ ავტომობილები უფრო სწრაფად შეძლებენ გადაადგილებას და საცობებიც შემცირდება.

სინამდვილეში, შუქნიშნის დანიშნულება მხოლოდ ავტომობილების გაჩერება არ არის.

შუქნიშანი უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების სწორ გადანაწილებას, სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების ორგანიზებულ გადაადგილებას, დაყოფას და, რაც მთავარია, ადამიანების უსაფრთხოებას.

წარმოიდგინეთ დიდი სატრანსპორტო კვანძი, სადაც ერთმანეთს რამდენიმე მიმართულების ნაკადი კვეთს.

თუ მოძრაობა სწორად არ დარეგულირდა, მივიღებთ ქაოსს, კონფლიქტურ სიტუაციებს, საგზაო შემთხვევების რისკს და საბოლოოდ კიდევ უფრო დიდ შეფერხებებს. ამის მაგალითისთვის გავიხსენოთ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, რამდენად რთული იყო და რამხელა პრობლემას წარმოადგენდა, სანამ ვითარების შუქნიშნებით დარეგულირება მოხდებოდა.

ამიტომ თანამედროვე ქალაქებში შუქნიშნები გამოიყენება არა მხოლოდ ცალკეული გზაჯვარედინების, არამედ მთელი სატრანსპორტო დერეფნების მოძრაობის სამართავად“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია შუქნიშნების სწორი პროგრამირება, სინქრონიზაცია და რეალურ სატრანსპორტო დატვირთვაზე მორგება.

"იცით, რომ შევისყიდეთ ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი, რომლის  დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს, რაც კონკრეტულ სიტუაციებსა და გზაჯვარედინებზე გვეხმარება.

ჩვენი მიზანი არ არის ავტომობილების გაჩერება. ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.