ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და კერძოდ, აშშ-ის ყურადღება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი დღესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

"ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი დღესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი პირადი მტერია ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. 

მეორე - ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და კერძოდ, აშშ-ის ყურადღება. 

თქვენ გახსოვთ, ამერიკის კონგრესში როგორ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა, რომ ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი და ამ რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და აშშ-ს. ძალიან მიკვირს, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული, ამიტომ არის, რომ ივანიშვილი ვერასდროს შეძლებს,  ჰქონდეს ის პოზიცია დასავლეთთან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს ან  შეიძლება ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს.

ამგვარად, ჩვენი პასუხი ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, ერთიანობა, კონსოლიდაცია. უნდა იყოს ბრძოლა სიმართლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისთვის. გამარჯვება ჩვენია და აუცილებლად მოვა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. კლინიკა "ვივამედში" კი აცხადებენ, რომ კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ მისცათ.