დაველოდებით, რას გვეტყვის სასამართლო წერილობით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"მე საბოლოო სიტყვის დროს ვთქვი, რომ სახელმწიფოს მძლავრ მანქანას შევეჩეხე და ასევე ვთქვი, რომ ამას შეეჩეხებოდა სასამართლოც. კარგია, რომ კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა, მაგრამ ჩვენ დაველოდებით, რას გვეტყვის სასამართლო წერილობით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ საქმეში ჩემი დანაშაული არ იკვეთება. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ეს სააპელაციო სასამართლოში.

მე ვთვლი, რომ თავის დაცვის რაღაც ასეთი სტრატეგია მოიგონეს. არც მე და არც რიგით პროკურორს, რომელიც დღეს საუბრობს, ჩვენ ვერცერთი ვერ შევაფასებდით. პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო კანონიერი თუ უკანონო, ამას აქვს თავისი პროცედურები და შესაბამისად, ამაზე დღეს მსჯელობა 12 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა კანონი რომ გამოსცა, ის კანონიერი იყო თუ უკანონო, ამაზე მსჯელობა არ მიმაჩნია ნორმალურად", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ "ტვ პირველის" ეთერში. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.