ეს რეზოლუცია არ არის უბრალოდ, პოლიტიკური დოკუმენტი, ეს არის გაეროს წესდების და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების პატივისცემის დადასტურება, რაც წარმოადგენს ვალდებულებას და არა ნებაყოფლობით არჩევანს, - ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილს და მის შთამომავალს აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლს.

"წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილას, რომელიც ცხოვრობს საქართველოში - აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში. წარმოიდგინეთ, რომ 15 წლის წინ მოგიწიათ რეგიონის დატოვება, თქვენ მუდმივად აწყდებით დაბრკოლებებს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად, ექიმთან მისასვლელად, ან უბრალოდ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრებისთვის და გიწევთ განშორება, ოჯახური მეურნეობის მიტოვება, ბებია და ბაბუები ღობეებს მიღმა ცხოვრობენ, სადაც სხვადასხვა დეტექტორი ხელს უშლიან მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებაშიც კი, რადგან გადაადგილებას ამონიტორინგებენ. შეზღუდვებით ცხოვრება ფაქტად იქცა, შეუძლებელია ნათესავების მონახულება, ბაზრებსა თუ სხვადასხვა ადგილებში დაბრუნება, რომელიც ოდესღაც თქვენს სახლს წარმოადგენდა.

ეს რეზოლუცია არ არის უბრალოდ პოლიტიკური დოკუმენტი, ეს არის გაეროს წესდების და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების პატივისცემის დადასტურება, რაც წარმოადგენს ვალდებულებას და არა ნებაყოფლობით არჩევანს.

საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილს და მის შთამომავალს აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველა მხარე მოქმედებდეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გაეროს წესების პრინციპებისა და გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების ჩათვლით ", - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

ხმის მიცემისგან 55-მა სახელმწიფომ შეიკავა თავი, მათ შორის, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანმა, საუდის არაბეთმა, შვეიცარიამ, ისრაელმა. 8 ქვეყანამ კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა - რუსეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სუდანი, ეკვატორული გვინეა, ბელარუსი, ბურუნდი.