შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების  უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს  უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 3 კილოგრამამდე "მეთადონი“, „კოკაინი“, „მეფედრონი“, „მარიხუანა" და "პრეგაბალინი“.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა  და 260-ე ტერცია მუხლებით  მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.