ეს არის დაშინების მცდელობაა სხვებისთვის. მათ ძალიან ეშინიათ. ბაჩო ახალაიას ახლა ადვოკატის გარეშე აცნობენ ბრალს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

"ეს განცხადებები დაკავების დღიდან მოყოლებული ყოველთვის იყო გავრცელებული, თუმცა ბოლო სხდომამდე, როცა დახურული სხდომის ჩანაწერი გავრცელდა ძალიან, მხოლოდ მაშინ დაიწყეს გამოძიება, მანამდე გამოძიება არ დაუწყიათ. თუ დანაშაული იყო ჩადენილი, იქვე ისხდნენ პროკურორები, იქვე იყო მოსამართლე და ვალდებული იყვნენ, რომ დაეწყოთ გამოძიება, თუმცა არ დაიწყეს. ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული იმიტომ, რომ იციან, მთელი საქართველო ასე ფიქრობს, ამიტომ ამისი ძალიან ეშინიათ და პრევენციულად გააკეთეს ეს იმიტომ, რომ სხვამ არ გაბედოს და ასეთი განცხადება არ გააკეთოს. ეს, რა თქმა უნდა, დაშინების მცდელობაა სხვებისთვის. მათ ძალიან ეშინიათ ამ სიტყვების, ძალიან ვირუსულად გავრცელდა ბოლო ვიდეო და ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაიწყეს გამოძიება ამ მუხლით.

მე დამირეკა სუსიდან გამომძიებელმა, მითხრა, რომ დღეს უყენებდნენ ბრალს და უნდა მივსულიყავი, ვინაიდან ბრალის წარდგენას დავსწრებოდი, როგორც ადვოკატი. მოვედი, მაგრამ არ შემიშვეს. არანაირ პასუხს არ მცემენ, ან რა უნდა მითხრან. ეს არის ჩემი, როგორც ადვოკატის უფლების დარღვევა, მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესაც ვესაუბრე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადვოკატთა ასოციაცია ამასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს. ახლაც აქ ვარ, ჯერ კიდევ არ არის გამომძიებელი გამოსული და დაცვის მხარის - ადვოკატის გარეშე აცნობენ ბრალს", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.