ამ ახალ ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებას, სინამდვილეში, არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, არც საქართველოს ინტერესსა და კეთილდღეობასთან, ამიტომ, საკანონმდებლო პაკეტადაც კი ვერ განვიხილავთ ამ ყველაფერს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ხალხის საწინააღმდეგოდ იღებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

"ამ ახალ ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებას, სინამდვილეში, არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, არც საქართველოს ინტერესსა და კეთილდღეობასთან, ამიტომ, საკანონმდებლო პაკეტადაც კი ვერ განვიხილავთ ამ ყველაფერს. ეს არის რეჟიმი, რომელიც ხალხს ჭაობისკენ მიათრევს, ანგრევს, რაც კი შერჩა ამ ქვეყანას ნორმალური და ჯერ კიდევ ღირებული. ისინი ხალხის ფულით იკვებებიან და ამავდროულად, ხალხს აქცევენ ისეთ ვითარებაში, სადაც უფრო მარტივი იქნება მათი გაკონტროლება და მათზე გავლენის მოხდენა.

ეს არის რუსული რეჟიმი რუსული და ბოროტი საცეცებით. ბოლოდროინდელი ე.წ. კანონები, ვერ ჩაითვლება კანონად და ვერ იქნება ეს ქვეყნისთვის სასიკეთო ან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.

რაც შეეხება პროტესტის მონაწილეებს, რეჟიმმა პროტესტში მონაწილე ადამიანები იმიტომ დაატყვევა, რომ ისინი არ თმობენ ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ დროშას და ევროპულ მომავალს. ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რაც არის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და საქართველო იყოს რუსული გავლენის ქვეშ, რუსეთის უკანა ეზო, წარუმატებელი და არშემდგარი ქვეყანა, რომელსაც მართავს კრიმინალთა ბანდა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.