"ოცნება" ახალი კორუფციული გადასახადის შემოღებას გეგმავს - ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას. ეს არის საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო ბიზნესისა და "ოცნების" კორუფციული შეთანხმება, რომლის საფასურიც ისევ ავტომფლობელებმა უნდა გადაიხადონ, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პირველივე შესაძლებლობისთანავე გააუქმებს აღნიშნულ სიახლეს.

"გვატყუებდნენ, რომ ფასები გაიაფდებოდა, 86%-იანი წილი და ფასნამატი გაქრებოდა, მაგრამ რა მივიღეთ, ფასები კი არ შემცირდა, არამედ იანვრიდან აგვისტომდე თითქმის 40%-ით გაიზარდა, ახლა კი იმის ნაცვლად, რომ "ოცნებამ" და კობახიძემ ამ ტყუილსა და ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა აიღონ, პირიქით, ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის, ახალი კორუფციული გადასახადის შემოღებას გეგმავს - ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევას. ეს არის საბანკო ოლიგარქიას ამოფარებული სადაზღვევო ბიზნესისა და "ოცნების" კორუფციული შეთანხმება, რომლის საფასურიც ისევ ავტომფლობელებმა უნდა გადაიხადონ.

კორუფციული სქემა საქართველოში "ვარდების რევოლუციამდეც" მოქმედებდა, მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ დაშალა ეს კორუფციული სქემა, არამედ ხალხის ძარცვა შეწყვიტა ამ ქვეყანაში, თუმცა "ქართული ოცნება" კორუფციული პრაქტიკის ამოქმედებას გეგმავს. შევარდნაძის "დაზღვევა" ბრუნდება. მოვითხოვთ, შეჩერდეს ეს პროცესი და სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი ამოღებული  იყოს მთავრობის საკანონმდებლო გეგმიდან. იგივე უნდა ითქვას ტექდათვალიერებაზეც ამ ფორმითა და შინაარსით. ეს ყველაფერი ბუტაფორიაა და ხალხის ძარცვას ემსახურება. "ნაციონალური მოძრაობა" პირველივე შესაძლებლობისთანავე გააუქმებს აღნიშნულს. ჩვენ გავანახევრებთ საწვავზე აქციზის მოსაკრებელს, რათა საწვავი გაიაფდეს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.