ჩვენ ერთი მხრივ, უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მეორე მხრივ კი, ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რეჟიმის სისუსტის ნიშანი.

"არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებულები იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში, ეს გატაცება, მუქარა, თუ რაც მოხდა, იმიტომ, რომ ადამიანმა მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული გამოთქვა 8 წლის წინ და ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. ეს რეჟიმი გვაჩვენებს ყოველდღიურად თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ საუბარი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება თუნდაც ფეისბუკპოსტებზე რაღაცების დაწერა, არამედ ეს არის სრული კონტროლის მცდელობა, უკვე გადავედით ჩრდილო კორეის დონეზე, არ ვიცი, იქაც ამ დონის კონტროლი თუ არის.

მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, მაგრამ თუ აქვს, ოდნავ მაინც, საკუთარი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ამიტომ, ჩვენ ერთი მხრივ, უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მეორე მხრივ კი, ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.