ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა. შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. 

მისივე თქმით, ევროპული არჩევანის გარანტი ხალხის ნებაა.

"პოლიტტექნოლოგიაში ასეთი ხრიკი არსებობს - დღესასწაულის დამდეგს გაკეთებულ განცხადებას თუ ის სადღესასწაულო სუფრაზე შეაღწევს, აქვს შანსი, გახდეს მსჯელობის საგანი. რადგან წელს საახალწლო სუფრაზე ფიზიკურად ვერ შევაღწევ, გადავწყვიტე, ამ ხრიკს მივმართო და ასე მოგაწვდინოთ ხმა. ახალი წლის მიჯნა საუკეთესო დროა განვლილი წლის ანალიზისთვის და გეგმების დასახვისთვის, საახალწლო სუფრა კი - საუკეთესო ადგილი.

ასევე ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი ნეგატივს უფრო ისრუტავს და აქცევს ყურადღებას, ვიდრე პოზიტივს. ამიტომ, მინდა ვეცადო ტვინის და ფსიქიკის ამ მახეში არ გავებათ და შეძლებისდაგვარად სრული სურათი დავინახოთ.
2025 ნეგატივის ხვედრითი წილით აშკარად გამორჩეული წელი იყო - სისასტიკის, ძალადობის, ტყუილის, უტიფრობის, უსამართლობის, იმედგაცრუების მასშტაბი ხშირად ალბათ აუტანელიც კი გვეგონა. „როდემდე?“, „რამდენის ატანა შეიძლება?“, „აი, ამას კი ვერ წარმოვიდგენდი!“, თითქოს უფსკერო, უძირო ვარდნაში ვართ.
ის იყო ევროპაში უიკენდებზე გამგზავრება ჩვეულ ყოფად უნდა ქცეულიყო, რომ უვიზოს დაკარგვის საფრთხე რეალური გახდა; ანწუხელიძის მკვლელები დამცინავი ტონით ე.წ. მთავრობას აქებენ; ევროპა მტრად გამოცხადდა; პენსიონერ დევნილ ქალს ახალგაზრდა ქართველი კაცი იზოლატორში მიერეკება; ქალებს ქუჩაში ურტყამენ; პატივცემულ მასწავლებლებს იჭერენ; აშხაბადში „ქვეყნის ბედს წყვეტენ“; არც მეტი არც ნაკლები ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 5000 ლარით აჯარიმებენ (ეგ ისეთია, ვინ იცის ტროტუარზე დადგომასაც იკადრებდა); პროდუქტის ფასებს სუსი არეგულირებს; ჩვენ მშობლიურ ქუჩებში ქიმიურ შხამს გვასუნთქებენ (მათ შორის სკოლის მოსწავლეებს) და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ევროპა ასე ნანატრ სიტყვებს ამბობს: „ჩვენი კარი საქართველოსთვის ღიაა!“ საქართველოს “ხელისუფლებისგან” კი ისმის - „აუ გადი რა, შე დაქცეულო, მე აშხაბადში მივდივარ“. და ეს ჩამონათვალი არასრულია. და ეს ჩვენ თავს ხდება.

ამის გაცნობიერებისას შეუძლებელია, არ გაიფიქრო, ხომ არ ვიღუპებით? ან უკვე ხომ არ დავიღუპეთ. ეს სიტყვები ხშირად გვესმის გარშემო და ეს განწყობა კატასტროფის განცდას გვიჩენს.

ოღონდ ეს არ არის ჩემი სათქმელი თქვენს საახალწლო სუფრაზე. რაც მე მინდა გაგიზიაროთ და რისიც ძალიან ღრმად მჯერა არის ის, რომ 2025 წელი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, ძვირფასის, ჩვენში და ჩვენს ქვეყანაში რაღაც სრულიად ახლის დაბადების წელია. მშობიარობა (კარგად მომეხსენება) ტკივილით სავსე პროცესია, ისეთი ტკივილით, რომელსაც მომენტებში გგონია ვეღარ გაუძლებ, მაგრამ, როგორც კი იაზრებ, რომ ამ ტკივილს შენთვის ყველაზე ძვირფასის დაბადება მოჰყვება, როცა იაზრებ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი და მისი შექმნა შენი პასუხისმგებლობაა, ასმაგად გემატება ძალა. (სხვათა შორის, პატარა ლირიკული გადახვევა, მშობიარობისას სიკვდილიანობა საკმაოდ ცოტა ხნის წინ, ჩვეულებრივი ამბავი იყო, ევროპულმა ცივილიზაციამ კი ის 0-მდე დაიყვანა - ადამიანზე ზრუნვით, ჯანდაცვით, ტექნოლოგიური განვითარებით და ძლიერი ეკონომიკით.)
კი ვართ საახალწლო სუფრასთან, მაგრამ ლადო კახაძისსადღეგრძელოსავით რომ არ გამომივიდეს, ძალიან კონკრეტულ მოვლენებზე და ამ დაბადების ძალიან კონკრეტულ ნიშნებზე მინდა გესაუბროთ.
საზოგადოება, სახელმწიფო, ისევე როგორც ადამიანი, გამოწვევებზე რეაგირებაში ვითარდება, იძენს ხასიათს და სახეს. კერძოდ, ყველა გამოწვევა გვაყენებს არჩევანის წინაშე - შევეგუო? თავი მოვიტყუო? ჩემი საქმე არაა, სხვამ მიხედოს და ა.შ. თუ ვიმოქმედო, რადგან ეს ჩემი ქვეყანაა და პასუხისმგებლობაც ჩემია. ეს მარტივი არჩევანი არ არის, რადგან არც ბრძოლის გზაა კომფორტული და არც გამარჯვების გარანტია არსებობს. მაგრამ შენ ამაზე არ ფიქრობ, უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია და თუ არ იმოქმედებ, შენ - შენ აღარ იქნები, შენი ქვეყანა შენი აღარ იქნება. 2024 წლის 28 ნოემბერს, სწორედ ასე იმოქმედა ქართველმა ხალხმა. თქვა, რომ ეს ჩვენი ნებაა - ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა ევროპულია. მოქალაქეებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედება. ამ თითქოს ძალიან მარტივი, მაგრამ ბევრ საფრთხესთან დაკავშირებული არჩევანის დროს დაიბადა ორი რამ: თავისუფალი მოქალაქე და ევროპული არჩევანი. გაგიკვირდებათ და არ დამეთანხმებით, თავისუფალი მანამდეც ვიყავითო და ევროპული არჩევანი მთლად კონსტიტუციაში გვეწერაო. მაგრამ სინამდვილეში, თაობისთვის, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდა, შეგნებული, გააზრებული, საკუთარ ნებაზე და რაც მთავარია პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული არჩევანი სწორედ ამ დღეებში დაიბადა.

გამოჩნდა კიდეც, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის გარანტი არა კონსტიტუცია, არამედ კონკრეტული ადამიანების ნებაა. დღეს, როდესაც მსოფლიო ლიდერები საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობენ, არავინ ამბობს კონსტიტუციაში ასე გიწერიათო. ყველა ამბობს, მოქალაქეები ამისთვის იბრძვიანო. თითქოს და თავისუფალი საქართველოს მოქალაქე მათიკაშვილიც იყო, ჩვენი და მისი პასპორტი ერთნაირია, მეტიც, ჰიმნზე ფეხზეც დგება ხოლმე, დარწმუნებული ვარ, ახალ წელს საქართველოს სადღეგრძელოსაც დალევს, მაგრამ სინამდვილეში მისი არჩევანი არის არა თავისუფლება, არამედ ფული, რაც ამ კონკრეტულ მომენტში მისგან მონობას მოითხოვს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაფასოთ, ვიამაყოთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი საზოგადოების ამ გააზრებულ არჩევანს, თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ არჩევანს. როგორც ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და ქართველმა ხალხმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ასე მოვიპოვეთ ჩვენ ევროპული არჩევანი. ცხადია, ჯერ მხოლოდ არჩევანი. წევრობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია.

შემდეგი!

2025 წელს კიდევ დაიბადა ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის გზაც. სრულიად განსხვავებული, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი, მხოლოდ ჩვენი თავისუფალი ნების, მხოლოდ ჩვენი ფიქრის და მოქმედების შედეგად - თანამედროვე საქართველოს ბრძოლის გზა. ზედმიწევნით ნათლად ვხედავ, როგორ სწავლობენ ამ ბრძოლის გზას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ძალიან უკმაყოფილოები ვართ საკუთარი თავით, უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა, რომელსაც ვებრძვით, არის აბსოლუტურად არათანაზომადი ჩვენს ძალებთან და ამასთან ერთად თავისი არსით არის სრულიად ახალი ტიპის ავტორიტარიზმი. ამ ტიპის რეჟიმთან ბრძოლის რეცეპტები და გამოცდილება არ არსებობს. ცხადია, არსებობს ზოგადი პრინციპები. მაგალითად, როგორც ვერცერთ დაავადებას დაჟინებული მზერით ვერ მოარჩენ სულ რომ არასდროს მოწყვიტო თვალი, ასევე სიზარმაცით, სიყალბეში ცხოვრებითა და თავის მოტყუებით ვერ დაამარცხებ დიქტატურას.

ამასთანავე, საზოგადოებრივი ცხოვრების და პოლიტიკის ფორმები, მათ შორის, მანიპულაციის ფორმები ისეთი შეცვლილია, მარტივი არსებული რეცეპტით შეუძლებელია სისტემის დამარცხება და ზუსტად ამ დროს, როდესაც რუსეთს, “ოცნებას” ყველაფერი გამოკვლეული, დათვლილი, გათვლილი და დაფინანსებული აქვს, სრული განცდა აქვს, რომ ხალხის მხრიდან მასზე ზეწოლის ყველა ბერკეტი მოსპო, ჩვენი მოქალაქეები ინსტინქტურად ირჩევენ ისეთ გზას, რომელიც ვერცერთმა გათვლამ, ფულმა, შანტაჟმა, მუქარამ, ცემამ, ქიმიურმა იარაღმა ვერ დაამარცხა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ტროლების მასშტაბი, პროპაგანდის მანქანებში ჩასხმული ფული, პოლიციელების და რობოკოპების ჯარი, პროკურორების ჯარი, მოსამართლეების ჯარი, ტიტუშკების ჯარი, ყველასი ამათი თავზეხელაღებულობის მასშტაბი და აქეთ “აკაცუკები“. მათი ლოგიკით, ახალ წელს საცივში უნდა ჩაგვძინებოდა, მილიონებს ამერიკაში უნდა ,,დაელაგებინა“, ქიმიურ იარაღს უნდა დავეწამლეთ, დაჭერებს დავეშინებინეთ, “მაინც არაფერი გამოვა“ მესიჯს იმედი გაეცრუებინა, ნუ აღდგომას მაინც უნდა “გავლეულიყავით”, კაი აღდგომას თუ არა, ზაფხულში დასვენება არ გვინდოდა? აგვისტოში ცხელა, აი, ოპოზიცია პარლამენტში შედის...

ყველანაირი ლოგიკა დაამარცხა თავისუფლების წყურვილით სავსე მოქალაქის ნებამ. აღმოჩნდა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არსებობს ამდენხნიანი, გამთანგველი, ასეთი ჯიუტი, უწყვეტი, თანმიმდევრული, პრინციპული და მტკიცე ბრძოლის მაგალითი.

აქამდე გავდიოდით რუსთაველზე, პოლიტიკოსები ვღრიალებდით, კოლონებს მივუძღოდით, ვაცხადებდით გადამწყვეტ ბრძოლას და გველანდებოდა Holywood-ის Happy end-ი, ზოგჯერ შეიძლება იმასაც ვფიქრობდით, ნეტა, ბოლო კადრში დროშით მეც გამოვჩნდეო… მაგრამ, არა, ეს დრამატურგია ამჯერად არ მუშაობს და ხალხმა შექმნა სხვა დრამატურგია, რომელიც ვერცხლის წყალივით უსხლტება ბოროტმოქმედს ხელიდან, აი, ასე დაიბადა თანამედროვე ქართული პროტესტი“, - წერს ელენე ხოშტარია.