ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საპროტესტო ტალღა აგორდება, მუხტი გაიზრდება, მჯერა, რომ საერთაშორისო წნეხიც გაიზრდება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციური ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანება არის საზოგადოების დაკვეთა.

"საქართველოში აღიქვამენ ორ ძალას - წინააღმდეგობაში ჩართულ ხალხს და ამ სისტემას, რომელიც დამკვიდრდა და რეჟიმს. რეჟიმის საპირწონედ არსებობს პოლიტიკური კომპონენტი, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან ჩართული.

ერთიანობა საჭიროც და აუცილებელიც იყო, მე ამიტომ ვამბობ, რომ ეს ერთიანობა იყო საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა. ჩვენ როცა ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, წავედით რუსთაველზე და აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, რომელიც შეგვხვდა რუსთაველზე და ხელი ჩამოგვართვა, გამოხატა თავისი დიდი სიხარული ამ ფაქტის გამო.

რაც შეეხება შედეგს, მრწამს, რომ აუცილებლად იქნება, მე მრწამს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საპროტესტო ტალღა აგორდება, მუხტი გაიზრდება, მჯერა, რომ საერთაშორისო წნეხიც გაიზრდება და ამ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს და უკლებლივ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.