მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო. რომ არ ყოფილიყო კვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საყვედურების ფოკუსი გენერალური მდივნისკენ იყო, თუმცა გენერალურ მდივანს მასაც შეუძლია თავისი ხელმოწერით, წესდებიდან გამომდინარე, დანიშნოს სხდომა.

"მე გამიკვირდა თინას განცხადება, იმიტომ, რომ არაფერი ამ სხდომაში არალეგიტიმური არ იყო. რომ არ ყოფილიყო კვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა. ოქმს მიიღებს თითოეული წევრი, მათ შორის, ბუნებრივია, თავმჯდომარე ინტერესების შემთხვევაში. 

ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონებიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონული ორგანიზაციების თითოეული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არის პოლიტსაბჭოს წევრი და ყრილობის დასანიშნად არავის, არანაირი მანიპულაცია არ სჭირდებოდა, ეს შეუძლია, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრებს - მთლიან შემადგენლობას, ასევე გენერალურ მდივანს. გენერალური მდივნისკენ იყო საყვედურები, მაგრამ გენერალურ მდივანს ამდაგვარი რაღაცების გაკეთება საერთოდ არ სჭირდება, მასაც შეუძლია თავისი ხელმოწერით, წესდებიდან გამომდინარე, დანიშნოს სხდომა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური.