როგორც პოლიტიკოსი, გია არის იდეალური, უბოროტო, სრულიად უინტრიგნო, ყოველთვის კონსენსუსის მაძიებელი. ნულოვანი პირადი ამბიციები ერწყმის უსაზღვრო ამბიციებს საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით წერს.

"ივანიშვილმა კრიზისში მორიგი შეცდომა დაუშვა და მოახერხა ჩემი, როგორც ციხის მაყურებლის პოზიციების გაძლიერება, იმიტომ რომ რუსთავში გია ბარამიძე შემომისახლა. თან გია დაასახლეს ჩემს ქვედა სართულზე, სადაც ვიღაცები, ვინც ადრე პარტიას „მახევდა“, ახლა ცდილობენ ღარიბასთან და სხვა ქოცებთან ერთად სართულის მაყურებლობა მაინც ჩამომართვან, მაგრამ ჩაუვარდათ ციხის ხის კოვზი ნაცარში - გიამ პირველივე დღეს სოცმუშაკს გამოატანა წერილი ჩემთან, რომ ის უპირობოდ აღიარებს ჩემს მაყურებლობას ორივე სართულზე და მასთან, ხაბესთან, პაატასთან და სხვებთან ერთად ნაციონალები ისევ უმრავლესობა ვართ და „პალაჟენიე“ გვიჭირავს ორივე სართულზე.

ეს ისე ხუმრობით და სინამდვილეში, მინდა ახლა მაინც ვრცლად მოვყვე თუ ვინაა ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი გია ბარამიძე. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით მთელი 34 წლის წინ, მუშთაიდში განლაგებულ „მწვანეთა პარტიის“ ერთსართულიან ხის ოფისში. მაშინ გია მწვანეთა ლიდერის, ზურა ჟვანიას უახლოესი მეგობარი იყო.

გავიდა სულ ცოტა დრო და შეიქმნა დიდი მეგობრობის სამკუთხედი, ზურა - გია - მე და ეს მეგობრობა გრძელდება შეურყევლად დღემდე (ზურაბი 2005 წელს გამოგვაკლდა). ამ მეგობრობამ გაუძლო დისტანციას, სხვადასხვა პარტიებში ყოფნას, არჩევნებში კონკურენციას (იმას კი არ ჰგავდა, ახლა ვიღაცები საარჩევნო კონკურენტებად რომ გარდაიქმნებიან, ეგრევე ჩემი გმობით რომ ცდილობენ ამაღლებას, მსგავსი არაფერი იყო მაშინ), თანამდებობებით და ოპოზიციაში ყოფნის გამოცდას.

მე და გია ურთულესმა განსაცდელმა, ზურას ტრაგიკულმა სიკვდილმა კიდევ მეტად დაგვაახლოვა. მე რომ შემატყობინა ზურას მცველმა ზურას ამბებზე, პირველი ეგრევე გიას დავურეკე და გავგზავნე შემთხვევის ადგილას.

ჩემთვის თავიდანვე გია იყო სიმამაცის სიმბოლო. მე მყავს ის ნანახი სოხუმთან სანგრებში, უამრავ რთულ სიტუაციაში. მაშინდელ იარაღით და კრიმინალებით გატენილ თბილისში, ის იმ საშიშ საგიჟეთში იყო ჩემთვის მთავარი დამცველი და უკვე თავად მისი არსებობის ფაქტი იმედს მაძლევდა მე და არა მხოლოდ მე, არამედ მთელს სამეგობროს. ყველაზე რთული სიტუაციის განმუხტვა შეეძლო თავისი შეუპოვრობით, სიმშვიდით და დახვეწილი გურული იუმორით. ის გახდა ჩემი მეჯვარე და ჩემი შვილის, ედუარდის ნათლია.

ყველა კრიზისულ მომენტში, პირველი ვინც მეგულებოდა დამხმარედ, იყო გია. სწორად მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ვარდების რევოლუციის დროს ჩემი და ზ. ჟვანიას პარტიის ძალების გაერთიანებაში. ის უიარაღოდ პირველი გადავიდა აჭარაში და დაითანხმა ასლანის ბანდფორმირებები იარაღი დაეყარათ.

რევოლუციის შემდეგ, ის როგორც ყველაზე დიდი ნდობით და გამოცდილებით აღჭურვილი პირი ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე რთული გამოწვევები გვქონდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირადად მიიღო დიდი რისკის ფასად მონაწილეობა ძალიან რთული დანაშაულების გახსნაში. ისევე როგორც თავად გადაჯდა ვერტმფრენით სვანეთში და გაანეიტრალა აფრასიძეების მკვლელი ბანდა, რითაც სვანეთს გაუხსნა განვითარების დიდი პერსპექტივები. ჩვენი თუნდაც ქოცების მიერ შეწყვეტილი სვანეთის აღმშენებლობა, კერძოდ ახალი გზა, ახალი მესტია, თეთნულდის სათხილამურო კურორტი, ტურიზმის დიდი განვითარება. არაფერი ეს არ იარსებებდა თუ არა გიას გმირობა. მაშინ სწორედ გიამ დაითხოვა საბჭოთა გაიშნიკები, რაც დღემდე რჩება ლეგენდად მსოფლიოს მასშტაბით (ამასწინათ Al Jazeera აკეთებდა მაშინდელზე გადაცემას). გია იყო ძალიან კარგი თავდაცვის მინისტრი, გაყარა რა ყველა მაშინდელი კორუმპირებული „ოფიცერი“, რომელთა გამო პრაქტიკულად არ გვყავდა ჯარი. და შემდეგ როდესაც ევროპაზე ავიღეთ კურსი, სწორედ გიას ჩავაბარეთ ეს ყველაზე საჭირო უბანი, ვიცე-პრემიერის რანგში. ის ჩვეული მიმწოლობით და მოუთმენლობით გამოირჩეოდა. მახსოვს ნატოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა მითხრა - თქვენი ბარამიძის ზედმეტად ხშირი ვიზიტები ბევრს აღიზიანებს და არ ვიცი ასეთი დაჟინება რამდენად უწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას, რაზეც მე აუღელვებლად მივუგე - სანამ ნატოში არ მიგვიღებთ, ბარამიძეს ხუთჯერ უფრო ხშირად გამოვაგზავნი-თქო თქვენთან.

როგორც პოლიტიკოსი, გია არის იდეალური, უბოროტო, სრულიად უინტრიგნო, ყოველთვის კონსენსუსის მაძიებელი. ნულოვანი პირადი ამბიციები ერწყმის უსაზღვრო ამბიციებს საქართველოსთვის. ხელისუფლებაში ჩემ დროსაც, ბევრად ნაკლებად, მაგრამ მაინც იყვნენ "კუტოკები“. გია არასდროს არცერთს არ ეკუთვნოდა, ის ყოველთვის რჩებოდა საქართველოს ბანაკში.

2012 წლის შემდეგაც, ჩვენი გზები სულ იკვეთებოდა. როცა ოდესის რეგიონის გუბერნატორი ვიყავი, გიამაც მოუხშირა ჩამოსვლას და მოიყვანა სრულიად მშვენიერი ოდესელი ცოლი, რომელიც მას ასე ერთგულად უდგას გვერდში. იყო მომენტები, რომელზეც ვფიქრობ, რომ იმდენად თავისთავად მიგვაჩნდა გიას ერთგულება, რომ გვავიწყდებოდა ხოლმე მისი საარჩევნო სიებში შეყვანა, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. ეს მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ყველა თანამდებობაზე ნამუშევარმა გიამ, თითქმის ვერანაირი ქონება ვერ დააგროვა და მთელი ეს ათწლეულები, არასდროს ყოფილა მატერიალურად დალხენილი და დეპუტატის ხელფასი მისთვის ბევრს ნიშნავდა. ახლა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ისინი, ვისაც ჩემთან აქვს პრეტენზიები ჩემი სიმკვეთრის ან მათი საკუთარი კარიერული შეუმდგარობის გამო. ასევე მინდა დავამატო, მოძრაობის ერთიანობაზე მრავალგზის თავდასხმის პირობებში, გია ყოველთვის დარჩა ერთიანობის მტკიცე მცველად.

ხოდა გადავხედე ჩემს ამხელა დაწერილს და მინდა გიას ვუთხრა - ძმაო გია, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ უნდა დაგეწერა ჩემი ნეკროლოგი და ახლა გადავხედე რამხელა აბზაცი მომიძღვნია შენი ცხოვრების შეჯამებისთვის. ამის შემდეგ შეგიძლია კიდევ 58 წელი იცოცხლო და უკვე არსებული დამსახურებები იმყოფინო.

ისე კი ციხის ბადრაგმა (თავს რომ კონტროლს ეძახიან) მითხრა, ბარამიძის აქ მოყვანა ძალიან დიდი გაუგებრობააო. იმის მაგივრად, რომ სადმე სკოლის დირექტორად დაენიშნათ, ჩვენთან გამოუშვესო. ყველანი გაოგნებული ვართ, საერთოდ რა შუაშიაო.

არ ვიცი რა იყო ახლა გიას დაჭერა, ეს იყო სისხლიანი საბჭოთა ჯალათის, ავთო წულუკიანის შვილის, წულუკიანის რაღაც ვენდეტა სვანური ყაჩაღების გამო, თუ ბიძინა ბოროტის პირადი აუტანლობა ყველა წესიერი პატრიოტი ადამიანის მიმართ თუ რუსეთთან საბოლოოდ ჩაბარების წინ პოლიტიკური ველის გაწმენდა პატრიოტებისგან და რუსეთის მტრებისგან, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, გიორგი ბარამიძის დატყვევებით ამ ბანდამ ძალიან დიდი ქაქი ჭამა და მიუხედავად იმისა თუ რამდენი აქვთ ადრეც ნაჭამი, ეს პორცია მეტისმეტი მოუვათ და აუცილებლად გადასცდებათ. საბოლოოდ საკუთარ ქაქში დაიხრჩობა ეს სოფლის ორღობის მყრალი დიქტატურა", - წერს სააკაშვილი.