საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შესთავაზა ისეთი ადამიანების სია და ცხადია, განზრახ, რომლებიც არიან ევროპის მიერ დასანქცირებულები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო "ოცნების" მხრიდან დაგებული მახე ევროპისთვის.

"საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შესთავაზა ისეთი ადამიანების სია და ცხადია, განზრახ, რომლებიც არიან ევროპის მიერ დასანქცირებულები, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ეს იყო "ოცნების" მხრიდან დაგებული მახე ევროპისთვის სწორედ იმიტომ, რომ ევროპას გაეპროტესტებინა და არ დათანხმებოდა ამ შეთავაზებას, თუმცა "ოცნებას" თუ სურდა ამ ფორმატში მონაწილეობა გაგრძელებულიყო, მათ შეეძლოთ, თავისუფლად შეეთავაზებინათ ისეთი ადამიანები, რომლებიც მინიმუმ, სანქცირებულები არ არიან, თუმცა ეს არ გააკეთეს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებულია, სავარაუდოდ, სანქციების გამო ბრიუსელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით".