შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა ეს შეხვედრა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დასავლეთს შანტაჟის ენით ესაუბრება.

"ქართული ოცნების“ მოთხოვნა და ეს უხეში პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩამოვიყვანთ დასანქცირებულ პირს, დავსვამთ მოლაპარაკების მაგიდასთან, არ გვექნება დემოკრატია, დავარღვევთ ადამიანის უფლებებს, გავაყალბებთ არჩევნებს, მაგრამ თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ გჭირდებათ შუა დერეფანი, ეს რეგიონი - სამხრეთ კავკასია, არალეგიტიმურ „ქოცურ“ მთავრობასთან დიალოგი უნდა გააგრძელოთ. ამის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია ის, რომ არა ღირებულებით საერთო სისტემაში და თანხვედრაში ვართ ბრიუსელთან და აშშ-სთან, არამედ ამ მოთხოვნის აღსრულებას და შესრულებას ითხოვს „ქართული ოცნება“ დასავლეთისგან და ბრიუსელისგან. რა თქმა უნდა, ასეთ შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა ეს შეხვედრა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებულია, სავარაუდოდ, სანქციების გამო ბრიუსელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით".