დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ რაც არ უნდა შეიკრიბონ ხვალ ამ შენობის შიგნით, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა.

"26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის მთავარი შინაარსი იყო საქართველოს მოქალაქეების ნებაზე ძალადობა, ხელისუფლების მიტაცება. დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ რაც არ უნდა შეიკრიბონ ხვალ ამ შენობის შიგნით, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა. თუ სადმეა ლეგიტიმაცია, არის ხალხში. ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ჩვენ კი ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ, ჩვენ კი გვინდა, ერთიან და ძლიერ საქართველოში ვცხოვრობდეთ, იქ, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.