ის ადამიანი, ვინც შევა პარლამენტში, მოკვეთილ უნდა იქნეს სამუდამოდ ქვეყნის მომავლიდან. ეს ვერ უნდა გაბედოს ვერავინ, ეს უნდა იყოს ჯოჯოხეთში შესვლა საკუთარი ფეხით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მიტინგებზე უნდა დაკეცოს პარტიული დროშები და ყველაფერში უნდა გამოიხატებოდეს კონსოლიდირება.

"რამდენიმე საკითხია, რაც მოსაგვარებელი გვაქვს და ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ "ქართული ოცნება“ დაკარგავს ხელისუფლებას. უპირველესი საკითხი არის თეორიული გამორიცხვა იმისა, რომ ვინმე შევიდეს პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან. ის ადამიანი, ვინც შევა პარლამენტში, მოკვეთილ უნდა იქნეს სამუდამოდ ქვეყნის მომავლიდან. ეს ვერ უნდა გაბედოს ვერავინ, ეს უნდა იყოს ჯოჯოხეთში შესვლა საკუთარი ფეხით. მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს არავითარი შიდა ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს „ქართულ ოცნებას“. მონღოლური გადახრის ხელისუფლებაა "ქართული ოცნება“, რისი საფუძველიც არის რუსეთში, რუსეთთან გვაქვს ჩვენ საქმე. არავითარ შემთხვევაში ლეგიტიმაციის მიცემა არ უნდა მოხდეს. უნდა განხორციელდეს ოპოზიციის უფრო კონსოლიდირება, ყველაფერში უნდა გამოიხატებოდეს ეს კონსოლიდირება. მე მივმართავ ოპოზიციას: მიტინგებზე დაკეცეთ თქვენი პარტიული დროშები და ნომრები, მიტინგზე უნდა იყოს ორი დროშა - ეს არის ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა, დროა უკვე ამის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.