მე არ მგონია, რომ საქართველოში ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს, იმიტომ რომ იმავე ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებს იგივე შედეგები ექნება, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხავი ახლა ის არის, რომ თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ოპოზიციაც არ ცნობს მათ, საერთაშორისო საზოგადოებაც იტყვის თუ არა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

"იყო მოთხოვნები საერთაშორისო საზოგადოებისგან 2004 წელს უკრაინაში და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს სწორედ 2004 წლის ნოემბრის მსგავსი მომენტია. მაშინ პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სცადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები მიეტაცებინა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მაშინ ეს შედეგები არ აღიარეს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი პირადად შევიდა პრესის ოთახში და განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ცნობდა ამ შედეგებს. აწ გარდაცვლილი სენატორი რიჩარდ ლუგარი იყო ადგილზე და სხვებიც, რომლებმაც ზეწოლა განახორციელეს უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ კი არ გამოეძიებინათ დარღვევები, არამედ ხელახალი არჩევნები დაენიშნათ. მე არ მგონია, რომ საქართველოში ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს, იმიტომ რომ იმავე ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებს იგივე შედეგები ექნება. საკითხავი ახლა ის არის, რომ თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ოპოზიციაც არ ცნობს მათ, საერთაშორისო საზოგადოებაც იტყვის თუ არა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ შეუფასებიათ ეს არჩევნები როგორც თავისუფალი და სამართლიანი და პრეზიდენტმა ბაიდენმაც მოიშველია მათი დასკვნები საკუთარ განცხადებაში. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ გამოძიების მოთხოვნა არ არის საკმარისი. პირველ რიგში არ უნდა აღიარდეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და შემდეგ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები.

მე დიდი ხანია, ამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი ხნით ადრე, ვითხოვდი ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა აქ სწორედ ივანიშვილია. მე მიმაჩნია, რომ აშშ-მა შეცდომა დაუშვა, რომ აქამდე არ დააწესა ეს სანქციები. არ ვიცი, რას ელოდებიან ისინი, მაგრამ ეს რომ თავის დროზე მომხდარიყო, ახლა სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ იმისას, რატომ მგონია, რომ სანქციები სასარგებლო იქნებოდა: რამდენიმე კვირის წინ "ამერიკის ხმამ" გადმოსცა, რომ შეერთებულ შტატებს მზად ჰქონდა სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ნაადრევად გავრცელდა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" არ იცოდა ამის შესახებ. ეს მოხდა ხუთშაბათ ან პარასკევ დღეს, ორშაბათს კი პრემიერ კობახიძის ბრძანებით, "ქართულმა ოცნებამ" "საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით უკან დაიხია. ეს იყო "ქართული ოცნების" მცდელობა, რომ სანქციებისთვის თავი აერიდებინათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "ქართულ ოცნებას" ნამდვილად ეშინია სანქციების ბიძინა ივანიშვილის, გენერალური პროკურორისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ, მაგრამ ვაშინგტონს ეს სანქციები მაინც არ დაუწესებია. მე არ ვიცი, რატომ ხდება ეს და მიმაჩნია, რომ ეს შეერთებული შტატების შეცდომაა", - განაცხადა კრამერმა.