როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან, რომ ეს კითხვა არ დასვათ, ის კითხვა არ დასვათ, გააერთიანეთ კითხვები, ბევრი საქმეა ჩამოთვლილი და ყველას ხომ არ შეეხებითო, ყველა მათგანს როგორ არ უნდა შევეხოთ?, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა არაა, რომ საბითუმოდ წარადგინონ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი.

"მე სასამართლოს რამდენჯერმე ვთხოვე შეეწყვიტა სპეკულირება საქმის გაჭიანურებაზე აპელირებით, ვინაიდან შეუძლებელია საქმის გაჭიანურებაზე ვისაუბროთ, როდესაც მხოლოდ ერთი თვეც არაა, რაც საქმის განხილვა დაიწყო და პრაქტიკულად უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს არის უპრეცედენტო სიჩქარე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. არსებობს საქმეები, რომლებიც წლობით შემოდებულია თაროებზე და მათ არავინ იხილავს, იქ არანაირი კითხვა არ უჩნდებათ, იქნებ ჯერ ის გადმოვიღოთ და განვიხილოთ, საქართველოში დაჩქარებული წესით ხდება მრავალპარტიული დემოკრატიისა და ოპოზიციის გაუქმება. გვეუბნებიან, კითხვებს რომ სვამთ, ეს ემსახურება საქმის გაჭიანურებასო და დამეთანხმებით, რომ ეს არის აბსურდი. გუშინაც ვთხოვე მოსამართლეს, რომ ამით სპეკულირება შეეწყვიტა, თუმცა ამაზე სპეკულირება იმ კონტექსტში ისევ გაგრძელდა. როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან, რომ ეს კითხვა არ დასვათ, ის კითხვა არ დასვათ, გააერთიანეთ კითხვები, ბევრი საქმეა ჩამოთვლილი და ყველას ხომ არ შეეხებითო, ყველა მათგანს როგორ არ უნდა შევეხოთ? საუბარია იმაზე, რომ თუ საქმეში პირობითად არის 100 მტკიცებულება მაშინ 100-ვე ხომ უნდა გავიაროთ? ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა ხომ არაა, რომ საბითუმოდ წარვადგინოთ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი? დიახ, ყველა ბრალდებას შესაბამის მტკიცებულების დონეზე პასუხი უნდა გაეცეს და ამის საშუალება სასამართლოს მხრიდან არ გვეძლევა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.