ეს არ არის სპეციფიკური ფორმატი, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა ფოკუსირებული. იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, უნდა გაატაროს რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

"ნატოს სამიტზე დისკუსიის საკითხები იქნება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, უკრაინის დახმარება და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერება, როგორიცაა ჩინეთთან დაკავშირებული გამოწვევები. საქართველო ასევე არის მოწვეული ნატოს სამიტზე და იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით. 

ეს არ არის სპეციფიკური ფორმატი, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა ფოკუსირებული. იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, უნდა გაატაროს რეფორმები. ხელისუფლებამ მიიღო აგენტების შესახებ კანონი და ეს იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით. ჩვენ ეს ღიად ვთქვით. ახლა იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა კურსს შეიცვლის, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს არ შეესაბამება. 

ჩვენ გვაქვს დიალოგი, ვეხმარებით საქართველოს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა, ამისთვის ნაბიჯებია საჭირო", - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

ნატოს საიუბილეო სამიტში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.