დღეს მე მასამართლებენ მრავალი წლის წინანდელი მიტინგის დაშლისთვის, რომლის დროსაც არავინ დაღუპულა, ახლა დგას რუსთაველზე გავეშებული პოლიციის უზარმაზარი რაზმი, რომელიც მზად არის გაგლიჯოს მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოდან ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აღარ ჰყავს პოლიცია, აღარ არსებობს სამართლებრივი სტრუქტურა, არამედ, არის თვითმარქვია მთავრობა და საქართველოში დამყარდა დიქტატურა.

“დღეს მე მასამართლებენ მრავალი წლის წინანდელი მიტინგის დაშლისთვის, რომლის დროსაც არავინ არ დაღუპულა. ახლა, რუსთაველზე დგას გავეშებული პოლიციელების უზარმაზარი რაზმი, რომელიც მზად არის გაგლიჯოს მოქალაქეები. საქართველოს აღარ ჰყავს პოლიცია, საქართველოში აღარ არსებობს სამართლებრივი სისტემა, საქართველოს აღარ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, ისევე, როგორც პარლამენტი და საქართველოში დამყარდა დიქტატურა. ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა ამ დიქტატურის გამყარების თავიდან აცილება, ეს არის ყველაზე შავბნელი პერიოდი საქართველოს ისტორიაში.

მინდა დავუძახო იმ ხალხს, რომლებიც წავიდნენ 12 წლის წინ არჩევნებზე, როგორც თვითონ ამბობდნენ დიქტატორი სააკაშვილის გადადგომისთვის, რომელმაც თავისი ხელით, უპრობლემოდ გადასცა ძალაუფლება. დედაჩემს უთხრა ერთმა ტაქსისტმა, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი სოციალური მდგომარეობით, რომ ივანიშვილი სააკაშვილმა ჩამოიყვანაო… მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით, ივანიშვილი ჩამოვიდა შევარდნაძის დროს და მე რომ მოვედი პრეზიდენტად, სასახლე დამთავრებული ჰქონდა და მომჯდარი იყო იქ. როდესაც მიმითითებდნენ მე მის მრავალრიცხოვან კავშირებს მოსკოვთან, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი მისი სისხლისსამართლებრივი დევნით, თუმცა, უკვე ნიშნები იყო იმისა, რომ ის აუცილებლად შემოვიდოდა პოლიტიკაში. არის ეს ჩემი ბრალი?! არ არის! რადგან ქართველი ხალხი თვითონ წყვეტს ამ ყველაფერს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იყო ეს საკითხი და გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა.

თავს რატომ ვიტყუებთ? ბიბლიოთეკასთან, რომ აცელეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი, იმის შემდეგ, ერთ-ერთი ნაციონალი ქალბატონი ვერც წამოდგა ლოგინიდან. ის, რომ უამრავ ადამიანზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ის, რომ ჩემზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და ამაზე ხმა არავინ ამოიღო. ის, რაც მოხდა, ყველაფერი ხდებოდა თავიდანვე და არა ბოლო სამ წელში, თავს ნუ ვიტყუებთ, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში. მე ჩამოვედი აქ და ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩავაგდე, მე მინდა გითხრათ, დღეს რაც არ უნდა მიიღოს ამ საკანონმდებლო ორგანომ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იანუკოვიჩის პარლამენტმაც მაიდნის დროს, 2014 წლის თებერვალში მიიღო რეპრესიული კანონები და შეიკრიბა ოპოზიციის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად და რამდენიმე დღეში ის პრეზიდენტი გაიქცა და ყველაფერი ჩამოიშალა, ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადებებს გააკეთებენ. ქართველი ხალხი არ შეეგუება დიქტატურას. ჩვენ არ ვართ არც ბელორუსები, არც ვენესუელელები და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ჩემი მთელი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქეები.

მე მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება, მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა და ეს იცის ამ დიქტატურამაც და მაგიტომ მალპობს ციხეში. ჩემი ფილოსოფია არის საქართველოს თავისუფლება. ამიტომ ვაკეთებდით ძალიან მაგარ რაღაცებს და ვაშენებდით ძალიან მაგარ რაღაცებს, ყველაფერი ეს იყო და დაბრუნდება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.