"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა მმართველი გუნდის სხდომაში შიდა კრიზისს უკავშირდება და შეხვედრას უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება.

ბესელიას შეფასებით, ივანიშვილი მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას, როგორც წესი, ერიდება, თუ მისი ჩარევა აუცილებელი არ არის.

ის მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები წინასწარ იყო შეთანხმებული და შეხვედრის რეალურ მიზანს არ ასახავდა.

ბესელია ასევე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილთან კობახიძის დაპირისპირებასა და მამუკა მდინარაძის მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულებაზეც.

"რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის, რაც ითქვა სხდომაზე. ითქვა კობახიძის მხრიდან შეთანხმებული ფრაზები, ძალიან ნეიტრალური. მისი საუბრიდან ძალიან კარგად იკითხებოდა, რომ მხოლოდ ამისთვის არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი იმ შეხვედრას და რისთვისაც ესწრებოდა, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება გადაწყვეტილებებში, იმიტომ, რომ ამ შეხვედრას, მე ასეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მოჰყვება. შიდა რთული კრიზისული პრობლემები თუ იმ ხარისხის არ არის, რომ მისი ჩარევა იყოს აუცილებელი, როგორც წესი, ის ერიდება ასეთ სხდომებში მონაწილეობას.

სხვათა შორის, ეს სიტყვა "წუხს" არ იყო შემთხვევით ნათქვამი, ეს სიტყვა იყო ზუსტად შეთანხმებული, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილთან. კობახიძე იტყოდა უფრო ხისტად ღარიბაშვილის თემაზე, იმიტომ, რომ ეს მისი დაპირისპირებაა და მისი კონფლიქტია ღარიბაშვილთან და მას სახეზეც ეტყობა ხოლმე, როგორი აგრესია აქვს, როდესაც ღარიბაშვილზე საუბრობს.

მდინარაძის მიმართ ივანიშვილს აქვს ძალიან სერიოზული აგრესია. რა მეთოდებსაც თვითონ მდინარაძე იყენებდა თავისი მოწინააღმდეგეების მიმართ, ზუსტად იმ მეთოდებს იყენებენ ახლა მდინარაძის მიმართ. ეს არის ბუმერანგის პრინციპი.

დავაკვირდეთ, რატომ შეიყვანა ზურა პატარიძე პოლიტსაბჭოში, ესეც არის ალბათ, საინტერესო მომენტი", - აცხადებს ეკა ბესელია.

17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.