4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კირვალიძის მიმართ გამოყენებული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

გიორგი კირვალიძის საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება.

საქმის პროკურორის განცხადებით, კირვალიძემ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განაცხადა, რომ სურდა საპროცესო შეთანხმების გაუქმება.

"მან განცხადებით მოგვმართა, რომ აღიარებდა დანაშაულს, მოაწერა ხელი განცხადებასაც და შუამდგომლობის ოქმსაც, თუმცა განაჩენის გამოცხადების დროს მან განმარტა, რომ აღარ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და გაგვეუქმებინა საპროცესო შეთანხმება. ვინაიდან განაჩენის გამოტანა დასრულებული არ იყო, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ბრალდებულის აღიარება, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს საპროცესო შეთანხმება და ამის გამო  გააუქმა აპელაციამ“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. პარალელურად, ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.