ვინც ადამიანების უფლებებს არღვევს ქვეყანაში, ვერ უნდა შეძლოს ვერცერთი საბუთით ევროპაში შესვლა, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები იქნება არა კონკრეტულად ვიზების შემდეგ ქვეყანაში შესვლა, არამედ ვიზების ვერ აღებაც.

"ეს სანქციები იქნება არა კონკრეტულად ვიზების შემდეგ ქვეყანაში შესვლა, არამედ ვიზების ვერ აღებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერცერთმა ადამიანმა, რეჟიმის ვერცერთმა წარმომადგენელმა, ვინც ადამიანების უფლებებს არღვევს ქვეყანაში და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის, აყალბებს არჩევნებს, აპატიმრებს ადამიანებს - ვერ უნდა შეძლოს არა თუ ვიზით, არამედ ვერცერთი საბუთით შესვლა ევროპაში იმიტომ, რომ ის, რაც ქართველი ხალხისთვის არ უნდათ, არც მათ უნდა ჰქონდეთ მასზე წვდომა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სავიზო რეჟიმი ამოქმედებულია დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებზე.