"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება.

"რაღაცა საათები რომ ჩამოგვითვალეს ეგ ვნახეთ, მაგრამ იმის გარდა ჩვენ რაღაც კონკრეტული არ გვინახავს. კომუნიკაცი რომ ჰქონოდათ რა... კომუნიკაცია მეც მქონდა, მათ შორის, ყველა მათგანთან, ჩვენ "ქოცები" არ ვართ, ლილუაშვილი 2 თვის წინ ძლევამოსილი ადამიანი რომ იყო და ფეხქვეშ რომ ეგებოდნენ და ახლა მარტო რომ დატოვეს ციხის კართან და ერთი "ქოცი" არ მისულა მის დასაცავად, ჩვენ ასე არ ვართ. ჩვენ ყველა ერთმანეთთან ვკონტაქტობთ, ჩვენ ყველა ერთმანეთთან ვმეგობრობთ და ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს, ერთმანეთს ვურეკავთ. ჩემიც რომ გადაამოწმონ, 4 ოქტომბერს მეც დამირეკა და დაბადების დღე მომილოცა ბაჩო ახალაიამ, რა არის ეს, რას ნიშნავს, რა მტკიცებულება ეს არის საამისოდ. მურთაზ ზოდელავასთან მეც ვრეკავდი და პაატა ბურჭულაძეს მეც ველაპარაკებოდი.

რა მტკიცებულება არის ეს საამისო, რომ ადამიანი უბრალოდ ასე აიყვანო და მხოლოდ იმისთვის, რომ შენ გჭირდება ახლა ბუად გამოიყვანო და დააჯერო საქართველოს, ზოგადად ხომ ცნობილია ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ყველაფრის დაჯერება შეუძლია ქართული საზოგადოების რაღაცა ნაწილს და ასე გამოიყვანო და შემოიყვანო ამ ყველაფერში, ადამიანი, რომელმაც 10 წელი სამარტოო საკანში გაატარა, ახლა კიდევ გაუშვა ციხეში.

არანაირი კონკრეტული მტკიცებულება ჩვენ სუსისგან ბაჩო ახალაიას მონაწილეობაზე რეალურად არ მოგვისმენია", - განაცხადა ანა წითლიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. პროკურორ ლაშა მაღრაძის თქმით, ახალაია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.