უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან და ამერიკელი ლიდერის სიძესთან ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ზელენსკის თქმით, საუბარი ძალიან კარგი იყო. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ჩინოვნიკებს მათი კონსტრუქციული და ინტენსიური მუშაობისთვის, თბილი სიტყვებისთვის და უკრაინელებისთვის საშობაო მილოცვებისთვის.

"ჩვენ განვიხილეთ სამუშაოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. არსებობს კარგი იდეები, რომლებიც შეიძლება ერთობლივი შედეგისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის გამოდგეს. ნამდვილი უსაფრთხოება, ნამდვილი აღდგენა, ნამდვილი მშვიდობა - ეს არის ის, რაც ყველას გვჭირდება უკრაინაში, შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველა პარტნიორში, რომელიც მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი საშობაო შეთანხმებები და მხარეების მიერ განხილული იდეები სასარგებლო იქნება.

უკრაინის სახელით საუბარში ასევე მონაწილეობდნენ:

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი; უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი; უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა;
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია; უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იგორ ბრუსილოვი; უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.

პრეზიდენტის თქმით, უმეროვი დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრებს უიტკოფთან და კუშნერთან.

"მიგვაჩნია, რომ სწორია არ დავკარგოთ არც ერთი დღე ან შესაძლებლობა, რამაც შეიძლება შედეგთან დაგვაახლოოს. დაე, დღევანდელი ჩვენი საუბარი მშვიდობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე შობა მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ოჯახს.