ევროკომისიამ უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა უკრაინა ევროკავშირის უსაფრთხო სატელიტური კავშირის პროგრამას – IRIS²-ს შეუერთდეს, – ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა პარიზში, კოსმოსის საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, საკუთარი მოქმედებები „ერთიანი სისტემის ფარგლებში“ უკეთ შეათანხმონ.

კუბილიუსმა ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ სურდა, უკრაინა შეერთებოდა IRIS²-ს, ანუ ევროკავშირის უსაფრთხო სატელიტური კავშირის სისტემას, რომლის თანამგზავრების გაშვებაც, სავარაუდოდ, 2029 წლიდან დაიწყება.

ეს სისტემა, რომელსაც ევროკომისია წარმოაჩენს როგორც განსაკუთრებით უსაფრთხოს, განკუთვნილია კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სამხედრო და დიპლომატიური საჭიროებებისთვის.

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები უკრაინის Govsatcom-სა და IRIS²-ში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა Govsatcom-ის პროგრამის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. ეს პროგრამა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის არსებული სატელიტური საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაერთიანებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი 2030 წლისთვის დაცული სატელიტური კავშირის სისტემის შექმნისთვის ემზადება, რომელიც სამხედრო დაზვერვის მიზნით იქნება გამოყენებული. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მზარდი ეჭვები იმის შესახებ, თუ რამდენად გააგრძელებს აშშ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერას.