ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სანდოობას, ფინანსურ რეპუტაციას და რაც მთავარია, ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია, დიდმა ბრიტანეთმა კი სამი კრიპტოკომპანია დაასანქცირა, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის გამო და ეს სისტემური პრობლემაა.

"საქართველოში რუსული კაპიტალის კრიპტოვალუტით გადაადგილებისა და გათეთრების ფაქტებთან დაკავშირებით არამხოლოდ ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული გუნდი, არამედ უკვე დიდი ბრიტანეთის ელჩიც საუბრობს.ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული სისხლიანი ფულის კრიპტო სამრეცხაოდ, ტრანსნაციონალური დანაშაულის, კრიმინალების და თაღლითების თავშესაფრად აქცია. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ერთი წლის წინ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე. თუმცა ეს პროცესები არ შეჩერებულა. „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, ყაზბეგის ქუჩაზე მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების ფული, როგორ თეთრდება კრიპტო გადარიცხვებით.

ივანიშვილის ინსტიტუციები, რომლებიც საკუთარ კანტორად გადააქცია, მფარველობას უწევენ და ამ სისტემის მთავარი გვერდში მდგომები არიან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, ფინანსური ზედამხედველობის საკითხებში კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, რომელიც ხან რუსეთის აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს მფარველობს და ხან ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს იყენებენ ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.

აშშ-მა საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია ტერორიზმის მხარდაჭერის გამო დაასანქცირა, დიდმა ბრიტანეთმა კი სამი კრიპტოკომპანია დაასანქცირა, სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის გამო. ეს უკვე ცალკეული შემთხვევები აღარ არის, ეს სისტემური პრობლემაა. ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო სანდოობას, ფინანსურ რეპუტაციას და, რაც მთავარია, ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.