რუსეთს სურს კოსტიანტინივკაში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზება, რათა საბოლოოდ დაიკავოს ეს ქალაქი. იქ მშვიდობიანი მოქალაქეები თითქმის აღარ არიან, მხოლოდ სამხედროები იმყოფებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"რუსული ისტორია კოსტიანტინივკაში მყოფ „მშვიდობიან მოსახლეობაზე“ პუტინის რეფლექსიაა იმაზე, რომ მან კოსტიანტინივკის აღება ვერ შეძლო. აბსოლუტურად პრიმიტიული სვლაა, რადგან სხვაგვარად მას ამ ქალაქის ხელში ჩაგდება არ შეუძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინს უბრალოდ სურს, რომ უკრაინულმა ჯარებმა კოსტიანტინივკა დატოვონ, რუსები შევიდნენ და ამგვარად მთელი ქალაქის ოკუპაცია მოახდინონ.

"მაგრამ ჩვენ აქ ღრმად ვართ ჩახედული საქმეში და ყველაფერს ვითვალისწინებთ. ამერიკელ მომლაპარაკებლებს ავუხსენი ჩემი პოზიცია კოსტიანტინივკასთან დაკავშირებით. იქ მყოფი ადამიანები არიან მხოლოდ შეიარაღებული უკრაინის მოქალაქეები და შეიარაღებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპანტები არიან. იქ, კოსტიანტინივკის შიგნით, ბრძოლები მიმდინარეობს. მათ ეს წინადადება ჩამომიტანეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს კოსტიანტინივკიდან გასვლის საშუალება ჰქონოდათ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინა რუსებს კოსტიანტინივკას დაუთმობს, მათი შემდეგი ნაბიჯები დონბასის სხვა ქალაქები იქნება და სწორედ ამაში მდგომარეობს ამ იდეის ფილოსოფია.

"ოლეშკიში ჩვენ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება გვქონდა: ხალხი ბლოკადიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ვინ დაბლოკა ისინი და რისთვის? რუსებმა ხალხი დაბლოკეს, იქ ნაღმები განათავსეს. ადამიანები საკვების გარეშე დარჩნენ. მშვენიერია, რომ ჩვენ ისინი განვბლოკეთ და გამოვიყვანეთ, მაგრამ თუ თანამგზავრულ სურათებს დააკვირდებით, დაინახავთ, რა გააკეთეს რუსებმა ოლეშკიში. მაშინ რაღა მოუვა კოსტიანტინივკას?“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსები უკვე წელიწად-ნახევარია კოსტიანტინივკის აღებას ვერ ახერხებენ, ოქტომბერში კი თავიანთ შტურმებს 54 000 ოკუპანტი შეწირეს.

"მშვიდობიანი მცხოვრებლების სიცოცხლე რომ აინტერესებდეთ, მათ შეეძლოთ მსგავსი ოპერაციები ოლეშკის მახლობლად მდებარე სოფლებში შეეთავაზებინათ, მაგრამ რუსეთს არცერთი ეს სოფელი არ შემოუთავაზებია. რა შემოგვთავაზეს? კოსტიანტინივკა. რატომ? იმიტომ, რომ კოსტიანტინივკის შემდეგ კრამატორსკი და სლავიანსკი იქნება. მათ სურთ ამ ქალაქების განადგურება და მთელი ჩვენი ხალხის დახოცვა. ასეთია მათი იდეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

12 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოსტიანტინივკაში შესაძლებელია ჰუმანიტარული მისიის ორგანიზება ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჩატარებული ოპერაციის მსგავსად.

კრემლში განაცხადეს, რომ რუსი ოკუპანტები მზად არიან კოსტიანტინივკის განაღმვას შეუდგნენ, რასაც, მათი თქმით, ხუთი დღე დასჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნეს, რომ რუსებმა კოსტიანტინივკაში ჰუმანიტარული მისია შესაძლოა, საკუთარი სამხედროების როტაციის მიზნით გამოიყენონ, როგორც ეს ოლეშკიში მოხდა.