საქართველოს ფასი არის ძალიან გაზრდილი. ვერც ის ტრიპის პროექტი ვერ ხდება სრულფასოვანი და ვერც შუა დერეფანი ვერ მუშაობს, თუ საქართველოს რკინიგზა არ მუშაობს და ახალი პროექტები არ ხორციელდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცალსახააა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი ინტერესი აქვს რეგიონში.

"ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან. გრძელვადიან პროცესზეა საუბარი, რომელიც შეუძლებელია ამ ქვეყანაში მოხდეს ვითარების არსებითი ნორმალიზაციის გარეშე, რაც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ნორმალურ საარჩევნო გარემოს. ცალსახააა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი ინტერესი აქვს რეგიონში და უნდა განვმარტოთ, რატომ გაიზარდა ეს ინტერესი ასე ძალიან რეგიონში - პირველი არის სომხეთისა და აზერბაიჯანის უპრეცედენტო დაახლოება - ჩვენ ეს ფუფუნება არ გვქონია, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან იყო შეჯახებული და ჰქონდათ სხვადასხვა პერიოდში ცხელი კონფლიქტი, რომელიც დღეს აღმოფხვრილია და დღეს ისინი არიან პარტნიორები, ამაში არის ჩართული თურქეთიც, ანუ, სამხრეთ კავკასიაში ვითარება ლაგდება. მეორე მომენტია - ირანში მიმდინარე მოვლენები და საქართველო, როგორც ენერგომატარებლის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გამტარი სახელმწიფო, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი იმ ტრიპის პროექტისთვის, ეს ამერიკის პრეზიდენტისთვის არის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი და პლუს, ამას ემატება მესამე და გრანდ საკითხი, რომელიც არის რუსეთ-უკრაინის ომი, ამიტომ, საქართველოს ფასი არის ძალიან გაზრდილი. ვერც ის ტრიპის პროექტი ვერ ხდება სრულფასოვანი და ვერც შუა დერეფანი ვერ მუშაობს, თუ საქართველოს რკინიგზა და ის პორტები, რომელიც აშენებულია, ან უნდა აშენდეს და ის ენერგომატარებლები თუ არ მუშაობს და არ მოძრაობს და ახალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები არ ხორციელდება, უამისოდ ვერ იკვრება ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.