"თბილისის ურბანული ტყის“ პროექტი, რომელიც 700 ჰექტრამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა.

თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა მთაწმინდის ფერდობებისა და კუს ტბის მიმდებარე ტყის საფარის აღდგენის სამუშაოები. ტერიტორია ემიჯნება ქალაქის ცენტრალურ უბნებს - სოლოლაკს, მთაწმინდას, ვერასა და ვაკეს.

ჩატარებული მასშტაბური სამუშაოები დღეს თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ნერგები დარგეს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები ყოველდღიურად შეიგრძნობენ საკუთარ თავზე.

"თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქალაქის ფილტვები. მინდა, მივულოცო ჩვენს  თანამოქალაქეებს  ამ პროექტის დასრულება და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ უნიკალური პროექტისთვის.

ჩატარებული სამუშაოების შედეგს მომავალში კიდევ უფრო დავაფასებთ და მას ჩვენი შემდგომი თაობები ყოველდღიურად შეიგრძნობენ საკუთარ თავზე. ეს ნამდვილად არის საშვილიშვილო საქმე და მე, როგორც ერთ-ერთი თბილისელი,  გამოვხატავ მადლიერებას.

ჩვენი ქალაქის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ რთულ სამუშაოებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მოეწყო 4 ახალი ჭაბურღილი, რომელიც ფაქტობრივად, სრულ ტერიტორიას ამარაგებს სარწყავი სისტემით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

"თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს შეემატება 184 ჰექტარზე დარგული 715 370 ნერგი. მათი მოვლა-პატრონობის მიზნით, მოეწყო ჭაბურღილები და სარწყავი სისტემა, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში კი დამონტაჟდა წვეთოვანი სისტემა.

ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი და რეკრეაციული პუნქტები, მათ შორის ფანჩატურები, საპიკნიკე ზონები, ძელსკამები, ასევე საინფორმაციო დაფები.

გარეული ფრინველების გამრავლების მიზნით, მოწყობილია ვოლიერი, სადაც ხდება მათი მოშენება და ველურ ბუნებაში გაშვება. ტერიტორიის ნაწილი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით.

სამუშაოებს ახორციელებს ფონდი „განვითარება და გარემო.”